სანამ ამ ბლოგს ჩაიკითხავდეთ, ჯერ თქვენს ძვირფას საფულეში ჩაიხედეთ. თუ ამგვარს არ მოიხმართ, ჯიბე ხომ მაინც მოგეძებნებათ? თუ არც ჯიბეები გაქვთ და მთლად უარესი - წუწურაქი ბრძანდებით, მაშინ ერთი მეტად უხერხული ადგილის მოჩხრეკა მოგიწევთ. დიახ, დიახ! იმ ერთვარ „პროქტო-ბანკს“ ვგულისხმობ, კაპიკსაც რომ ვერ გააგდებინებ, თან დაატარებთ და ნებისმიერ შემნახველ სალაროს გირჩევნიათ. იმედია, გასაღები არ დაგიკარგავთ და წვდომის კოდიც გახსოვთ. ცოტა არასასიამოვნო პროცესი კი იქნება, მაგრამ საქმეს ასე ჭირდება, რადგან დღეს სწორედ ფულზე ვისაუბრებ. უფრო სწორად, პორტრეტებისა თუ ნახატების გალერეას შევავლებთ თვალს, „ლარზე“ რომ გამოუსახავთ. ახალ ფულსაც მოვჭრი.
ყველაფერი კი თხუთმეტიოდე წლის წინ დაიწყო, როცა მაკულატურად ქცეული „კუპონი“ გავისტუმრეთ და მიმოქცევაში - „ლარი“ შემოვიდა. ასეთ ცვლილელებს უკეთესი ცხოვრების მოლოდინი მოაქვს ხოლმე, სტაბილურობისა თუ მომავლის რწმენა. ამ მხრივ ბანკნოტების მოხდენილობას, ვიზუალურ და შინაარსობრივ დატვირთვასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო ღირსეული პიროვნების პორტრეტს დაახატავ - მით უკეთესი, ხალხი ამ ადამიანთა ღვაწლს ვალუტის წარმატებას უკავშირებს. კურსის სიმყარით ქვას რომ ვერ ხეთქავდეს, მაინც იმედის მომცემია.
რაც ყველაზე მთავარია - ამგვარი „სამხატვრო გალერეა“ ქვეყნის სარკეა. დახედავ ბანკნოტს და წარმოდგენა გექმნება, რა ხალხთან გაქვს საქმე. ახლა კი, უფროს თაობას რომ უყვარს ხოლმე, ასეთი კითხვები მაქვს: რამდენადაა დაფასებული ნიკალას, ზაქარია ფალიაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, აკაკის, ილიას, თამარის, შოთასა და ქაქუცა ჩოლოყალიშვილის ნაკეთები საქმეები ჩვენი ყოველდღიური ქცევით? გამოხატავს კი ამ საამაყო ადამიანთა გამოსახულებანი ერის ჭეშმარიტ სულიერ მდგომარეობას? ესაა პიკასოს ბიჭი? შენც არ მომიკვდე.
მოკლედ, მე რომ ხაზინადარი, ფინანსთა მინისტრი ან ეროვნული ბანკის უსტაბაში ვიყო (არ ვიცი, ამგვარ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს), ახალ ბანკნოტებს მოვჭრიდი და ზედ რეალურ სურათს დავიტანდი. მერწმუნეთ, ჩვენს ქვეყანას თავადაც უკეთ გავუგებთ და უცხოც არ დაიბნევა.
ერთლარიანით დავიწყოთ, რომელზეც ნიკალა გამოსახეს - აქაოდა, როგორი შეჭირვებითაც იცხოვრა, ეგეთი ღირებულების ბანკნოტი შეეფერებაო - გენიოსისთვის ერთ ლარზე მეტი ვერ გაიმეტეს. ჰოდა, თუ ამგვარი ლოგიკით ვუდგებით საქმეს, უფრო სამართლიანი არ იქნებოდა, ქართველ პოლიტიკოსთა პორტრეტები გამოგვესახა? თანაც, როგორც ერთლარიანი გაქრა მიმოქცევიდან, ამ ვაჟბატონთა ხსენებაც აღარ იქნებოდა ჩვენში და საბოლოოდ მოვისვენებდით.
ყელამდე ქაქში ვართ, ჯეკ? - თუ ამას მეკითხებით, გიპასუხებთ: ეშმაკმა დალახვროს, მგონი კი! ერთი თბილისელი მანახეთ, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჩაუდგამს ფეხი „სკუპიდუს“, „პლუტოს“ ან „ჯერის“ ბოდიში და ქაქში. ქუჩებში თითქოს განგებ გიგებენ მახეს და შენც დადიხარ სლალომით. დიახ, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ვგულისხმობ, პატრონებს რომ გვანან ხოლმე. და ვინაიდან მსგავსება ოხერი რამეა, არსებობს საფრთხე, ერთ მშვენიერ დღეს თავად პატრონებმაც ჩვენს თვალწინ მოითქვან სული. სამწუხაროა, მაგრამ ქაქი ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომაც უნდა აისახოს სადმე. ამჯერად, იყოს ორლარიანი. ესთეტიკური მხარეზე წუხართ? ნუ დარდობთ. ქაქის ოქროდ ქცევის პროფესიონალები უხვად გვყავს. ფორმებსა და შეფერილობაზე ისინი იზრუნებენ.
ხუთლარიანზე ლამაზი ნუსხური იკონოგრაფიით ის ხუთი უნიკალური კითხვა უნდა აისახოს, რომელიც მხოლოდ საქართველოში უჩნდება ადამიანს. კაცმა არ იცის, რატომ, პასუხიც არაფერში არგია, მაგრამ მაინც აინტერესებს ხოლმე. მაგალითად: 1. ჩაალაგე აბა კუტუები, გაავსებს ხელს? (იმედია, მხოლოდ ბავშვობისას); 2. ვინ არის ამ კაფეს ან რესტორნის მფლობელი?; 3. რატომ გაცვია შავები ან რატომ ხარ გაუპარსავი?; 4. არ თხოვდები/ცოლი არ მოგყავს? სად აქვთ ბიჭებს/გოგოებს თვალები? 5. მეორეს არ აჩენთ? ბავშვს და-ძმა არ უნდა?
აი, ათლარიანსაც მივადექი, რომელზეც დედის ჩანახატი გახლავთ გამოსახული, დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან: „იმერეთი-დედაჩემი“. ეს არჩევანი სავსებით ლოგიკურია იმ კულტურისთვის, „დედის“ საკრალიზაციის წყალობით ყველაფერ წმინდასა თუ სათნოს დედას რომ უკავშირებს - ენას, მიწას, ბუნებას, ქალაქს, სამშობლოს, ბოძს, გუთანსა და ლამაზიშვილსაც კი. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ეროტიკულად აღგზნებულ მამაკაცთა უმრავლესობა დღეში მინიმუმ ოცჯერ მაინც საკუთარ დედას „ტ...ვს“. მოცემული ფენომენი უნიკალურ კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს და მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ მოეპოვება - „იუნესკოს“ ემოციური ექსპრესიის ფორმების დაცვის რეესტრშიც შეიტანდა კაცი და კაფსულითაც გააგზავნიდა კოსმოსში, მარსელებს რომ არაფერი შეეშალოთ. ასე რომ, ათლარიანზე ვერბალური ინცესტით გაწამებულ დედათა პორტრეტებია დასატანი, ორენოვანი მინაწერით: “ჩემი დედა მვტ - F**k My Mother”.
ოცლარიანი - სპორტს, კერძოდ კი ფეხბურთს დაეთმობდა. მოცემულ შემთხვევაში მარტივად გამოვძვრებით - ცარიელი კარი და იქვე კომპასის გრაფიკული გამოსახულება მშვენივრად გადმოსცემს გულისტკივილს.
ქართული „ესტრადა“ მავიწყდებოდა. „ესტრადა“ პირობითად, თორემ ისე, სიყვარულის ალმურებსა თუ კუნაპეტ ღამეში სატრფოზე ოცნებებში გაუთავებელი კვნესა-ოხვრა და მოთქმა-ქვითინია. რამდენიმე „დივა“ დაამშვენებდა ორმოცდაათ ლარიან ბანკნოტს, რა თქმა უნდა, ქარიზმატული „მაჩოც“ - მომნუსხავი, ეროტიკული, თვალებმოჭუტული, დაუნდობელი მზერით.
რა დაგიმალოთ და ასლარიანზე ბევრი ვიტეხე თავი. ჰოდა, გადავწყვიტე ეს ბანკნოტი იმ ყუთს მივუძღვნა, ტელევიზორს რომ ეძახიან, იმ ტელეკამერებსა თუ მიკროფონებს, პირად სივრცეში რომ გვეჭრებიან და ჩვენს სულებში ხელებს აფათურებენ, იმ ბიჭებსა და გოგონებს, რომლებიც ჟურნალისტობაში არიან შემჩნეული და დღენიადაგ ჭკუას გვასწავლიან, თუ რაზე ვიფიქროთ ან რაზე არა, რაზე ვიცინონ ან რაზე ვიტიროთ, ვინ შევიყვაროთ ან ვინ შევიძულოთ. განა იმდენი არ უღვაწიათ, ბანკნოტებისკენ გზა გაეკვალათ? ჰოდა, გამოცხვა ცხელ-ცხელი ასლარიანიც - წამყვანის ნეტარი სახე ერთ ხელში კალმით, მეორეში - ცელით. უკანა მხარეს რომანტიკულ პეიზაჟსაც დაურთავდა კაცი - კუბოს ფიცარს, ცრემლებით სავსე ხონჩასა და შერონის ყავის მადუღარას.
და ბოლოს, ყველაზე ჩინებულისა და ღირსეულის - ორასლარიანიც დროც დადგა. სანამ საქმეს შევუდგებოდე, ჯერ იმას მოგახსენებთ, რომ ჩვენ ის გლეხუჭები ვართ, ცოცხალი უცხოელის ნახვისას, უწინარესად მისი გასტრონომიული ორგაზმით რომ ვინტერესდებით: ჩახეთქა თუ არა, მაგალითად ხინკალი და რამდენად მოეწონა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორგაზმიც ორმხრივია ხოლმე. ქართულ სამზარეულოზე აუგი როგორ დამცდება, მაგრამ ასეთი ინტიმისას, რატომღაც სხვა არაფერი გვახსენდება. დღემდე მიკვირს, ხინკალს ერთი მონუმენტი, დიდების მემორიალი არსად რომ არ დაუდგეს. ჰოდა, თუ ძეგლი არ გამოდის, ორასლარიანზე დავახატინებდი. ოცდაერთნაოჭიან, ნერწყვის მომგვრელ „ღმერთს“ წარწერაც დაამშვენებდა: „IN KHINKALI WE TRUST”. რა? ასე არ არის? აი, რა იქნებოდა ნამდვილი ქართული საბანკო ბილეთი!
No comments:
Post a Comment