Friday, April 29, 2011

Smile!

ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაისვა კითხვა, თუ რა გვაღიზიანებს და რას ვერ ვეგუებით ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად. კომენტარებში თბილისური ყოფის ბევრმა მტკივნეულმა და კარგად ნაცნობმა დეტალმა მოიყარა თავი. მაგალითად, პოლიეთილენის პარკები ხეებზე, გადამეტებული ამბიციურობა, უმეცრება (შესაბამისად სიბნელის შიში), რიგში დგომის კულტურა და სხვა. ამ თემებზე ამჯერად არ შევჩერდები, ერთ კომენტარს გამოვყოფდი მხოლოდ, რომლის ავტორიც თბილისის ქუჩებში მოღუშულ სახეებსა და ზოგადად ღიმილის დეფიციტზე წუხდა.

ბევრისგან მსმენია, ადრე ჩვენს ქალაქში ხშირად იღიმებოდნენო. იმ ცნობილი სიმღერის არ იყოს, მოწყენილი სახეებიც იშვიათობას წარმოადგენდა თურმე, მეტი სილაღე ყოფილა და „ბედნიერი ერიც“ პოზიტიურ ემოციას საჯაროდ უხვად გამოხატვდა. საპატიო მიზეზის გამო, ამ ეპოქას ვერ მოვესწარი, გაჩენა დამიგვიანდა, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. მე უფრო შემდეგი პერიოდი მახსენდება, მზიურ ქალაქის ქუჩა-ბანდებში „ქუჩის ბანდები“ რომ გამოჩნდნენ. მათ კი ადამიანთა სახეებიდან ღიმილი დიდი ხნით გააქრეს და მხოლოდ ერთ თეთრთმიან კაცს დაუტოვეს ამის უფლება, ისიც წლები დადიოდა უცნაური კოსტუმით მეტად ნასიამოვნები.

ასე რომ, ძნელი სათქმელია, ამ პერიოდში დაიკარგა თუ არა ღიმილიანი „ზდრასტი, დასვიდანიას“ ტრადიცია. მაგრამ ფაქტია, რომ გულწრფელი ემოციების საქვეყნოდ გამოხატვასა თუ გაზიარებას ვერიდებით (გამონაკლისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. „ზღაპრული არომატების“ წყალობით, ეს მოძრავი ყვითელი „ნორდოსტები“ ერთადერთი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს გულწრფელი ემოციების გამოხატვის არ გვეშინია. შესაბამისად, მხოლოდ აქ არის შესაძლებელი სიმწრის ცრემლით ატირებული ქართველის ნახვა).

ამბობენ, დასავლეთის ქალაქების ქუჩებში უცხოებიც კი ღიმილით გესალმებიანო და რა კარგი იქნებოდა,ჩვენშიც იგივე ხდებოდესო. რა თქმა უნდა, ამგვარ კომუნიკაციას არაფერი სჯობს და სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, დასავლური მაგალითის მოყვანა, არა მგონია, მთლად გამართლებული იყოს. „კაპიტალისტური“ ღიმილი (დიროლის კბილებით) კეთილგანწყობისა და საერთო სოციალური კეთილდღეობის მიღებული დეკლარირებაა, ფორმალურია და ხშირ შემთხვევაში ხელოვნურიც. ამასთანავე, მეტწილად პატარა ქალაქების ფუფუნებას წარმოადგენს, სადაც საზოგადოებაში ნაკლები სოციალური კონკურენციაა და ჯუნგლების კანონები არ არსებობს. ასეთი ჯუნგლია ნიუ-იორკიც. მაგალითად. ბრონქსში თუ შემთხვევით „სინგ სინგის“ ციხეში გაუპატიურებისათვის ნაჯდომ შავკანიან ჯამალსა და მის ძმა-ბიჭებს გაუღიმებ, ნაკლებად სავარაუდოა, ოდესმე გაბადრული შეეგებო მომდევნო მზიან დღეს.

ქართული ღიმილი კი მხოლოდ ბიოლოგიური რეაქციაა დადებით ემოციებსა თუ სიტუაციებზე, ბუნებრივია, ევროპულისგან განსხვევებით არანაირი სოციალური დატვირთვა არ აქვს და არც კომუნიკაციისთვის გამოიყენება. ამაში ტრაგიკული არაფერია და არ ღირს დრამატიზირება. მათთან სხვა კულტურაა, ჩვენში კი სხვა. გეღიმება – გაიღიმებ, არ გეღიმება, არანაირი პრობლემა.

2003 წელს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ტაილანდში, ქვეყნის ხელისუფლებამ უეცრად აღმოაჩინა, რომ ერს საოცრად მოეწყინა. დიდი კამპანია ჩაატარეს ხალხის „ხასიათზე მოსაყვანად“, დღეში მინიმუმ ექვსჯერ გაღიმებისკენ მოუწოდეს, ტურისტებს დაბღვერილი სახეები აფრთხობსო და აბა, თქვენ იცით, სამშობლოს ეკონომიკას როგორ წაადგებითო. ენამ რომ მიყივლოს და ეს გამოცდილება ჩვენშიც გაიზიარონ, მრიცხველებს სად დაამონტაჟებენ, ეს არის საინტერესო. რამდენად გაამართლებს ინიციატივა, სულ სხვა საქმეა. თუმცა, სადაც ღვედის გაკეთება შევძელით, იქნებ გაღიმებაც ვაიძულოთ საკუთარ თავს? (თუ "ხელს შეგვიწყობენ", რა თქმა უნდა. მაგალითად, ასე)

მანამდე კი...თანდაყოლილი მოთხოვნილება სიკეთისადმი ჩატებში ვირტუალური „სმაილიკებით“ გამოვხატოთ...და თუ ქუჩაში ვინმე უცხო მაინც გვიღიმის ჯოკონდასავით, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სავარაუდოდ ელვა გვაქვს ღია. ან შესაძლოა, ყურსასმენებში ნატოს სიმღერას უსმენს: „აყვავდება როცა ნუში...“ (აყვავდება-ზე მომღერალი „მაღლა რომ ადის“ ანუ მოდულაციაზე სიამოვნების ჟრუანტელი აღიმებს). ახლა კი, წავალ მე. ამ სიმღერას მოვუსმენ, თორემ დილიდან ძალიან უჟმური ვარ...ვიცი, გამეღიმება.