მარადონა. ამ ზაფხულს რიხარდ ვაგნერის თერთმეტმა გერმანელმა შთამომავალმა მეორედ მოსვლის პრეზენტაციას დაასწრო სრულიად არგენტინა და თეთრ–ცისფერებში გამოწყობილი მსოფლიო საფეხბურთო სამყარო. ვაგნერის ბიჭები ზუსტად ისე გაუსწორდნენ ტანგოს მოცეკვავეებს, როგორც კოპოლას „აპოკალიფსში“ აპაჩებზე შემომჯდარი ამერიკელები - ვიეტ–კონგელებს, „ვალკირიას“ ფონზე. ქართული ფეხბურთის წყალობით კი ქართველმა გოგონებმა და ბიჭუნებმა ტრადიციულ სასაცილო სიტუაციაში ჩავიგდეთ თავი - ფან-კლუბები შევქმენით (ალჟირის სახელმწიფო დროშებიც აფრიალდა სიმპათიის ნიშნად), სხვისი გამარჯვებებით ამოვივსეთ სიხარულის დეფიციტი და სხვისივე მარცხზე უკვე მერამდენედ მაგრად ვინერვიულეთ. ასეთი სასაცილო „არგენტინელი“ ტიპი ვარ მეც და დიეგოს თავის მოჭრა ვერ ვაპატიე. გაბრაზებულს დიდხანს მემახსოვრება მისი უცნაური კოსტუმი, ლიონელ მესის უემოციო შუშის თვალები, გაფითრებული დათო ტურაშვილი, ფერზე მოსული ფრაუ მერკელი და გერმანული „Tschüß Maradona!“.
გადამდგარი დიეგო კი ახლა კარდაკარ დაიარება და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობას ლამობს (განსაკუთრებით ირანის დირექტორს - აჰმადინეჯადსაა შეჩენილი თურმე). სანამ ვიღაც კიდევ დაუღუპავს, ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, ისევ ლიტერატურულ მოღვაწეობას დაბრუნებოდეს, გაეგრძელებინოს მემუარების წერა (რაც უკეთ გამოდის) და შესაბამისად - ტურიკასთან ნაყოფიერი მთარგმნელობითი თანამშრომლობა.
თალიბები გუანტანამოდან. წელს ისინი საქართველოში ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობის წყალობით აღმოჩნდნენ. სად და რა კულტურული პროგრამით ცხოვრობენ - წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ „როგორც საკუთარ სახლში“ თავს რომ ვერ გრძნობენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამ ხალხის წარსულისა და “პროფესიული უნარ–ჩვევების“ გათვალისწინებით, ნუგეშის სახით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახალი წლის დადგომისას ჩვენთან ჩინური პიროტექნიკის ისეთი ბათქა–ბუთქი ატყდება, მათ დარტყმულ კუმირს – ბინ ლადენსაც არ დასიზმრებია. ასე რომ, თავს „როგორც საკუთარ სახლში“ ნამდვილად იგრძნობენ 31 დეკემბრის 23:30 წუთიდან, ასე იანვრის ბოლომდე. სადღაც წავიკითხე, გუანტანამოში ყოფნისას მაღალ ხმაზე, განუწყვეტლივ ასმენინებდნენ თურმე Rammstein–ისა და Sepultura-ს სიმღერებს, ფსიქოლოგიურად რომ გაეტეხათ დაკითხვებისას. ასეთი განსაცდელის გადატანის მიუხედავად, ვურჩევდი - არ გაეკარონ ქართული ტელევიზიების ზოგიერთ საახალწლო კონცერტს (განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი ნომრები). რადგან ისე დაწყდებათ გული, შესაძლოა საკუთარ თავზე რვაფეხა პაულის უდროო გარდაცვალებაც კი აიღონ (რომლის ჰოლანდიელი ნათესავები სხვათაშორის ესპანეთს თხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს).
გლობალური დათბობა. ამ ზაფხულს მართლაც საშინლად ცხელოდა. გლობალურმა დათბობამ გადაწვა რუსეთი, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, გრენლანდია გაიბზარა, „ზიმა-ლეტას“ გაყიდვით აშენდნენ მაღაზიები, პაკისტანი კი წყალმა წაიღო. წყალზე გამახსენდა, ქუთაისში 2 ათწლეულია წყლით მომარაგების პრობლემაა მოუგვარეველი. ხალხს ვერ ეშველა, მითუმეტეს ქუთათური ჭადრებისათვის აბა ვინ მოიცლიდა და ისინიც თურმე, მთელი ზაფხული ძაღლებს იქეთ დასდევდნენ, „მოგვაფ.... გეხვეწებითო!“.
პატივცემული ჟიური. მუსიკალური, ლიტერატურული თუ სხვა მრავალი სახეობის კონკურსი თანამედროვე ქართული ცივილიზაციის ფუფუნებაა. ჟიურის წევრებს კი წელსაც ისეთი „შედევრების“ წაკითხვა, მოსმენა ან ნახვა მოუხდათ – საახალწლოდ ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე, რომ არ უსურვო კაცმა - დაბადებით სადისტი უნდა იყო ან ცივსისხლიანი ჰანიბალ ლექტერი „კრავთა დუმილიდან“.
მივულოცავ შობა-ახალ წელს და მოკრძალებით ვთხოვდი - უფრო მეტ ყურადღებას ნიჭიერების შეფასებისას, რადგან ცხოვრობდა ერთი ულვაშიანი ახალგაზრდა გასულ საუკუნეში, ნახატები დაუწუნეს და მერე ისეთი ჩაატარა...კი გვახსოვს, ყველას.
ევროპელი დამკვირვებელი. გარე დაკვირვების კამერა მიცკევიჩისა და პეკინის კვეთაზე სადაური წარმოებისაა არ ვიცი, ევროკავშირიდან სავარაუდოდ. მშობლიურ მხარეს მოწყვეტილს ჩვენი კულტურის ისეთი მარგალიტები აქვს უკვე ნანახი და განცდილი, გაკვირვებული კამერა უფროა, ვიდრე დაკვირვების: როგორ დასდევენ გემებივით ჯიპები ფეხითმოსიარულეებს (თითქოს განზრახ გასასრესად), როგორ იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს თბილისელი ძაღლები და მათი პატრონები ქუჩაშივე, ფანტელებივით როგორ ცვივა ფანჯრებიდან თამბაქოს ნამწვავები, როგორ აგინებენ რატომღაც მარტო საკუთარ დედებს მოქალაქენი დღეში 20 ჯერ...და სხვა მრავალი სცენა კინოფილმიდან „ხერხი“ (აგერ Live). ჭირსა შიგან გამაგრებას ვუსურვებ, რადგან მომავალ წელსაც არა მგონია, რამე შეიცვალოს. თუმცა, ღილებში ჩამონტაჟებული აქაური კოლეგებისგან განსხვავებით საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვს. ჩათვალოს, რომ პომპიდუს ცენტრშია მივლინებაში.
და ბოლოს, ვსარგებლობ საშუალებით და დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ: ყველა ფარმვილელს, დათაგულს, მიპოუკებულს, შელაიქებულს, დაშეარებულს; სარკოზისთან ღირსეულად დამარცხებულ ფრანგულ პროფკავშირებს; ქართული მუსიკალური ჯგუფების მუსიკოსებს (მათ ვგულისხმობ - სცენაზე რომ უფრო მეტნი არიან ხოლმე, ვიდრე ხალხით სავსე დარბაზში); ვაცლავ ჰაველის პერანგების მრეცხავს პანი აუშკოვას; ბანკების კრედიტ-ოფიცრებსა და მათ კოლეგებს პრობლემური ვალების განყოფილებიდან; შარდენის ბარის მფლობელებსა და „ზე-სვეცკი“ საღამოებით ჩაძაბულ კომპლექსიან დაცვის თანამშრომლებს; იმ ხალხს – „ნეშენელ ჯეოგრაფიკს“, „დისქავერსა“ და „ენიმალ პლანეტს“ რომ უყურებს მარტო და მერე საჯაროდ დეკლარირებს საკუთარ განსხვავებულობას; ჯეიკობ ზუმას, მის 8 ცოლსა და 18 შვილს; ჩილეში გადარჩენილ 33 მეშახტეს; ვუვუზელათი დაყრუებულებს; ცოლებს, რომელთაც ქმრების ქორწინებამდელი რომანტიულობა ჯიუტად ენატრებათ; იმ ხალხს, ვისაც სელინჯერის გარდაცვალებამ ჰოლდენ კოლფილფის ამბავი გადააკითხა; ბასა ჯანიკაშვილს და მის ტექსტებზე კუშნერივით შეშფოთებულ გოგოებს; დილის გადაცემის წამყვანს ნინა იგივე „წიწი“ მიქაძეს, რომელიც პირველმა არხმა და ფინანსურმა კრიზისმა ფიზიკურად ისე დაასუსტა – „ბოვშმა ტყვილზე რო დეიფიცოს“, შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან.