Tuesday, April 17, 2012

ფული, ბაბა, ფული!

სანამ ამ ბლოგს ჩაიკითხავდეთ, ჯერ თქვენს ძვირფას საფულეში ჩაიხედეთ. თუ ამგვარს არ მოიხმართ, ჯიბე ხომ მაინც მოგეძებნებათ? თუ არც ჯიბეები გაქვთ და მთლად უარესი - წუწურაქი ბრძანდებით, მაშინ ერთი მეტად უხერხული ადგილის მოჩხრეკა მოგიწევთ. დიახ, დიახ! იმ ერთვარ „პროქტო-ბანკს“ ვგულისხმობ, კაპიკსაც რომ ვერ გააგდებინებ, თან დაატარებთ და ნებისმიერ შემნახველ სალაროს გირჩევნიათ. იმედია, გასაღები არ დაგიკარგავთ და წვდომის კოდიც გახსოვთ. ცოტა არასასიამოვნო პროცესი კი იქნება, მაგრამ საქმეს ასე ჭირდება, რადგან დღეს სწორედ ფულზე ვისაუბრებ. უფრო სწორად, პორტრეტებისა თუ ნახატების გალერეას შევავლებთ თვალს, „ლარზე“ რომ გამოუსახავთ. ახალ ფულსაც მოვჭრი.

ყველაფერი კი თხუთმეტიოდე წლის წინ დაიწყო, როცა მაკულატურად ქცეული „კუპონი“ გავისტუმრეთ და მიმოქცევაში - „ლარი“ შემოვიდა. ასეთ ცვლილელებს უკეთესი ცხოვრების მოლოდინი მოაქვს ხოლმე, სტაბილურობისა თუ მომავლის რწმენა. ამ მხრივ ბანკნოტების მოხდენილობას, ვიზუალურ და შინაარსობრივ დატვირთვასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო ღირსეული პიროვნების პორტრეტს დაახატავ - მით უკეთესი, ხალხი ამ ადამიანთა ღვაწლს ვალუტის წარმატებას უკავშირებს. კურსის სიმყარით ქვას რომ ვერ ხეთქავდეს, მაინც იმედის მომცემია.

რაც ყველაზე მთავარია - ამგვარი „სამხატვრო გალერეა“ ქვეყნის სარკეა. დახედავ ბანკნოტს და წარმოდგენა გექმნება, რა ხალხთან გაქვს საქმე. ახლა კი, უფროს თაობას რომ უყვარს ხოლმე, ასეთი კითხვები მაქვს: რამდენადაა დაფასებული ნიკალას, ზაქარია ფალიაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, აკაკის, ილიას, თამარის, შოთასა და ქაქუცა ჩოლოყალიშვილის ნაკეთები საქმეები ჩვენი ყოველდღიური ქცევით? გამოხატავს კი ამ საამაყო ადამიანთა გამოსახულებანი ერის ჭეშმარიტ სულიერ მდგომარეობას? ესაა პიკასოს ბიჭი? შენც არ მომიკვდე.

მოკლედ, მე რომ ხაზინადარი, ფინანსთა მინისტრი ან ეროვნული ბანკის უსტაბაში ვიყო (არ ვიცი, ამგვარ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს), ახალ ბანკნოტებს მოვჭრიდი და ზედ რეალურ სურათს დავიტანდი. მერწმუნეთ, ჩვენს ქვეყანას თავადაც უკეთ გავუგებთ და უცხოც არ დაიბნევა.

ერთლარიანით დავიწყოთ, რომელზეც ნიკალა გამოსახეს - აქაოდა, როგორი შეჭირვებითაც იცხოვრ, ეგეთი ღირებულების ბანკნოტი შეეფერებაო - გენიოსისთვის ერთ ლარზე მეტი ვერ გაიმეტეს. ჰოდა, თუ ამგვარი ლოგიკით ვუდგებით საქმეს, უფრო სამართლიანი არ იქნებოდა, ქართველ პოლიტიკოსთა პორტრეტები გამოგვესახა? თანაც, როგორც ერთლარიანი გაქრა მიმოქცევიდან, ამ ვაჟბატონთა ხსენებაც აღარ იქნებოდა ჩვენში და საბოლოოდ მოვისვენებდით.

ყელამდე ქაქში ვართ, ჯეკ? - თუ ამას მეკითხებით, გიპასუხებთ: ეშმაკმა დალახვროს, მგონი კი! ერთი თბილისელი მანახეთ, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჩაუდგამს ფეხი „სკუპიდუს“, „პლუტოს“ ან „ჯერის“ ბოდიში და ქაქში. ქუჩებში თითქოს განგებ გიგებენ მახეს და შენც დადიხარ სლალომით. დიახ, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ვგულისხმობ, პატრონებს რომ გვანან ხოლმე. და ვინაიდან მსგავსება ოხერი რამეა, არსებობს საფრთხე, ერთ მშვენიერ დღეს თავად პატრონებმაც ჩვენს თვალწინ მოითქვან სული. სამწუხაროა, მაგრამ ქაქი ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომაც უნდა აისახოს სადმე. ამჯერად, იყოს ორლარიანი. ესთეტიკური მხარეზე წუხართ? ნუ დარდობთ. ქაქის ოქროდ ქცევის პროფესიონალები უხვად გვყავს. ფორმებსა და შეფერილობაზე ისინი იზრუნებენ.

ხუთლარიანზე ლამაზი ნუსხური იკონოგრაფიით ის ხუთი უნიკალური კითხვა უნდა აისახოს, რომელიც მხოლოდ საქართველოში უჩნდება ადამიანს. კაცმა არ იცის, რატომ, პასუხიც არაფერში არგია, მაგრამ მაინც აინტერესებს ხოლმე. მაგალითად: 1. ჩაალაგე აბა კუტუები, გაავსებს ხელს? (იმედია, მხოლოდ ბავშვობისას); 2. ვინ არის ამ კაფეს ან რესტორნის მფლობელი?; 3. რატომ გაცვია შავები ან რატომ ხარ გაუპარსავი?; 4. არ თხოვდები/ცოლი არ მოგყავს? სად აქვთ ბიჭებს/გოგოებს თვალები? 5. მეორეს არ აჩენთ? ბავშვს და-ძმა არ უნდა?

აი, ათლარიანსაც მივადექი, რომელზეც დედის ჩანახატი გახლავთ გამოსახული, დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან: „იმერეთი-დედაჩემი“. ეს არჩევანი სავსებით ლოგიკურია იმ კულტურისთვის, „დედის“ საკრალიზაციის წყალობით ყველაფერ წმინდასა თუ სათნოს დედას რომ უკავშირებს - ენას, მიწას, ბუნებას, ქალაქს, სამშობლოს, ბოძს, გუთანსა და ლამაზიშვილსაც კი. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ეროტიკულად აღგზნებულ მამაკაცთა უმრავლესობა დღეში მინიმუმ ოცჯერ მაინც საკუთარ დედას „ტ...ვს“. მოცემული ფენომენი უნიკალურ კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს და მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ მოეპოვება - „იუნესკოს“ ემოციური ექსპრესიის ფორმების დაცვის რეესტრშიც შეიტანდა კაცი და კაფსულითაც გააგზავნიდა კოსმოსში, მარსელებს რომ არაფერი შეეშალოთ. ასე რომ, ათლარიანზე ვერბალური ინცესტით გაწამებულ დედათა პორტრეტებია დასატანი, ორენოვანი მინაწერით: ჩემი დედა მვტ - F**k My Mother”.

ოცლარიანი - სპორტს, კერძოდ კი ფეხბურთს დაეთმობდა. მოცემულ შემთხვევაში მარტივად გამოვძვრებით - ცარიელი კარი და იქვე კომპასის გრაფიკული გამოსახულება მშვენივრად გადმოსცემს გულისტკივილს.

ქართული „ესტრადა“ მავიწყდებოდა. „ესტრადა“ პირობითად, თორემ ისე, სიყვარულის ალმურებსა თუ კუნაპეტ ღამეში სატრფოზე ოცნებებში გაუთავებელი კვნესა-ოხვრა და მოთქმა-ქვითინია. რამდენიმე „დივა“ დაამშვენებდა ორმოცდაათ ლარიან ბანკნოტს, რა თქმა უნდა, ქარიზმატული „მაჩოც“ - მომნუსხავი, ეროტიკული, თვალებმოჭუტული, დაუნდობელი მზერით.

რა დაგიმალოთ და ასლარიანზე ბევრი ვიტეხე თავი. ჰოდა, გადავწყვიტე ეს ბანკნოტი იმ ყუთს მივუძღვნა, ტელევიზორს რომ ეძახიან, იმ ტელეკამერებსა თუ მიკროფონებს, პირად სივრცეში რომ გვეჭრებიან და ჩვენს სულებში ხელებს აფათურებენ, იმ ბიჭებსა და გოგონებს, რომლებიც ჟურნალისტობაში არიან შემჩნეული და დღენიადაგ ჭკუას გვასწავლიან, თუ რაზე ვიფიქროთ ან რაზე არა, რაზე ვიცინონ ან რაზე ვიტიროთ, ვინ შევიყვაროთ ან ვინ შევიძულოთ. განა იმდენი არ უღვაწიათ, ბანკნოტებისკენ გზა გაეკვალათ? ჰოდა, გამოცხვა ცხელ-ცხელი ასლარიანიც - წამყვანის ნეტარი სახე ერთ ხელში კალმით, მეორეში - ცელით. უკანა მხარეს რომანტიკულ პეიზაჟსაც დაურთავდა კაცი - კუბოს ფიცარს, ცრემლებით სავსე ხონჩასა და შერონის ყავის მადუღარას.

და ბოლოს, ყველაზე ჩინებულისა და ღირსეულის - ორასლარიანიც დროც დადგა. სანამ საქმეს შევუდგებოდე, ჯერ იმას მოგახსენებთ, რომ ჩვენ ის გლეხუჭები ვართ, ცოცხალი უცხოელის ნახვისას, უწინარესად მისი გასტრონომიული ორგაზმით რომ ვინტერესდებით: ჩახეთქა თუ არა, მაგალითად ხინკალი და რამდენად მოეწონა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორგაზმიც ორმხრივია ხოლმე. ქართულ სამზარეულოზე აუგი როგორ დამცდება, მაგრამ ასეთი ინტიმისას, რატომღაც სხვა არაფერი გვახსენდება. დღემდე მიკვირს, ხინკალს ერთი მონუმენტი, დიდების მემორიალი არსად რომ არ დაუდგეს. ჰოდა, თუ ძეგლი არ გამოდის, ორასლარიანზე დავახატინებდი. ოცდაერთნაოჭიან, ნერწყვის მომგვრელ „ღმერთს“ წარწერაც დაამშვენებდა: „IN KHINKALI WE TRUST”. რა? ასე არ არის? აი, რა იქნებოდა ნამდვილი ქართული საბანკო ბილეთი!

Friday, April 6, 2012

ვინ არის ბოლო?

რიგში დგომა მაინცდამაინც სასიამოვნო ქმედება არაა, თუმცა, ამის გამო არც არავინ მომკვდარა. დიმიტრი გელოვანს თუ არ ჩავთვლით... ისიც იმიტომ გამოგვეცალა ხელიდან, რომ პატიოსანი ექიმი, მთლად თერაპევტი, წყნარი და ნამეტანი ოჯახიშვილი კაცი გახლდათ. პურის რიგში მოკვდა საწყალი...


მართალია, დღესდღეობით თვალუწვდენელ რიგებს იშვიათად გადააწყდები, მაგრამ გამონაკლისი მაინც არსებობს. მაგალითად, რაღა ბასტი-ბუბუს ბილეთებისთვის გიბრძოლია და რაღა ავღანელ თალიბებთან. ფეიბოქსებთან ან ბანკომატებთან სულ სხვა ამბავი ტრიალებს – განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე ასაკოვან ქალბატონს ამ ეშმაკის მანქანის ვერაფერი გაუგია და წყევლა-კრულვით საათობით მარჩიელობს, რომელ ღილაკს დააჭიროს. ინტერნეტ–პროვაიდერთან დარეკვისას კი ზოგჯერ ნაღველი, დაუსაბამო მწუხარება გეუფლება. ჭინკა გოგონა ვნების აღმძვრელად გიჩურჩულებს: ჩემო მალხაზო და მშვენიერო, ყველა ოპერატორი დაკავებულია, 36-ე იქნებიო. თანაც, ის ჩემი ცოდვით სავსენი, განწყობის შესაქმნელად ისეთ მუსიკალურ ფონს გირთავენ, ცოტაც და ზაალ უდუმაშვილი ბორჯომის ხეობის ამინდის პროგნოზსაც შემოგთავაზებს. მოკლედ, რიგი მრავალნაირია, ყველას თავისი ბუნება-ხასიათი აქვს – საბავშვო ფილმის სეანსზე იქნება ეს თუ რომელიმე მოდურ ექოსკოპისტთან.


აი, ბანკი, სულ სხვაა. ცოტა ხნის წინ მომიხდა ერთ-ერთ მათგანში მისვლა. ყველას ჯვარი გწერიათ, და ამჯერად სესხის აღებას არ ვაპირებდი, მხოლოდ მოსაწყენი მოკლე კონსულტაციის მიღება მჭირდებოდა. ბანკიც ჩვეულებრივი გახლდათ, თამბაქოს მოსაწევად თანამშრომელი ბიჭები ქუჩაში რომ გამოდიან ხოლმე, უცნაურად სწორი ნაცრისფერი შარვლით, ალადინის წვეტიანცხვირიანი შავი ფეხსაცმლით, კორპორატიული ფერის ყლინჯით და წარწერით პერანგზე, მაგალითად - თემური ან შიო. ინტერიერიც სტანდარტული: სარეკლამო სტენდები - ყურებამდე გაღიმებული, უჩვეულოდ თეთრკბილება გოგონებით და სპეციფიკური ფუსფუსით, რომელიც მხოლოდ დოლარის ერთ ადგილზე დიდი რაოდენობით თავმოყრას ახასიათებს.


ჰოდა, ამ შიომ თავაზიანად მომიბოდიშა, რიგითობის ნომრის მომნიჭებელი აპარატი დროებით არ მუშაობს და ცოცხალი რიგი დაიკავეთო. სხვა რა გაეწყობოდა, სალაროსთან დახვეულ საზოგადოებას მივუახლოვდი. ვის არ ნახავდით აქ: კომუნალურებზე მონღოლებივით დედაბუდიანად მოსულ ოჯახებს, ვალუტის გაცვლა-გამოცვლაზე მოჩალიჩე შებერტყილ ტიპებს, საკრედიტო პროცენტების გადახდისგან გამხდარ, დანევროზებულ აჩრდილებსა თუ პატრულის ჯარიმებით პატივაყრილებს. ყველას ეჩქარებოდა, ამიტომაც ფულის ოხშივარში გახვეული დიდი ხმაური და ღრიანცელი ტრიალებდა: “რატომ მუშაობს მხოლოდ ერთი სალარო?“, “გენაცვალე, ჩაგეძინა?“, “აუ, დაუჩქარეთ, რაა!“ და ა.შ.


კაცობრიობას დასაბამიდან სულ რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს: “ყოფნა, არ ყოფნა?“, “ვინ მოკლა კენედი?“, “ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი?“, “იგორ გიორგაძე მართლა არსებობს თუ არა?“, “ინგლისურის რომელ დიალექტზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი?“, “სად გაქრა ვიტალი ხაზარაძე?“, “რა ჯანდაბა მოხდა სერიალ “დაკარგულებში?“ და “შეუშვებს თუ არა დიმიტრი შაშკინი მანდატურებს ქალიშვილობის ინსტიტუტში?“ თუმცა, არის კიდევ ერთი, საპასუხოდ არანაკლებ რთული კითხვა - “ვინ არის ბოლო?“


ჰოდა, ვიკითხე თუ არა, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. უძირო შიშმა და ძრწოლამ დაისადგურა, წახდნენ და მკვდრის ფერი დაედოთ, ვან ეიკის ტილოებზე რომ გინახავთ, ეგეთი. ჩვენში ხომ ყველა პირველია, ბოლოში დგომა კი “ჩმორობაა“ და მაგრად ტეხავს. ამიტომ ამრეზით შემომხედეს, რომელმა საზიზღარმა მაჯლაჯუნამ გვაკადრა ასეთი შერაცხყოფაო. გაირკვა, რომ ბოლო ერთი ქალბატონი ყოფილა, რომელსაც რიგი დაუკავებია, მალე დავბრუნდებიო. აი, ისეთ გაქექილზე მოგახსენებთ, სამ მაღაზიაში, ორ ბანკში, თონის პურის რიგში დგომასა და ბაზრის მოვლასაც ერთდროულად რომ ახერხებს. თანაც რიგს არასოდეს კარგავს - ყველგან დროზე ცხადდება. ისიც თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ცხვირწინ ამეტუზა გახარებული, რადგან ბოლო, უკანასკნელი მაჯლაჯუნას სამარცხვინო სტატუსი ჩამოირეცხა და მე მომანიჭა.


ვინაიდან ბანკი მალე იკეტებოდა, ღელვამაც იმატა. ქართველის არტისტული ნიჭი თუ მოხერხებულობა ხომ ასეთ სტრესულ ვითარებაში იღვიძებს. ურიგოდ გაძვრომის ცდუნებაც სექსის ჟინივითაა – თუ აგიტანა, ვერ გაჩერდები. პოზები, უკაცრავად - მუღამები კი, რამდენიც გინდა.


ბერიკაობა ასაკოვანმა ქალბატონმა გახსნა: კვნესა-ოხვრით უკნიდან მომეპარა, ღმერთმა ჯანი მისცეს, მაგრამ კაი ფალავანივით ისეთი მოგვერდი გამიკეთა, სულ თავთხლე გამადენინა - პენსიონერი ვარ, ფეხები მტკივა და გამატარე, შენც გახდები ჩემი ასაკისო. შემდეგი კი ქორფა გოგონა გახლდათ, მაგიური ფორმულით: “მხოლოდ ვიკითხო მინდა“. მეტი ვერაფერი მოეფიქრებინა, რადგან იმ ტომის გახლდათ, ერთ აზრზე გაჩერება, დაფიქრება, მაქსიმუმ ორი, ჰა და ჰა, სამი წუთით თუ შეუძლია. მარტივად მოვიგერიე, “ჩმორის“, მაჯლაჯუნას სტატუსი კი არ იკადრა და გავარდა. ასევე წარმატებით გავუმკლავდი ჰიპერტონიას, კენჭის გავლას და რამდენიმე შემოტევას ჟანრიდან: “მარტო ფულის დახურდავება მინდა“.


ამ ბრძოლებში გახლდით, როცა ბანკის თანამშრომლების უჩვეულო გამოცოცხლებას მოვკარი თვალი. შიომ სახოტბო შეძახილი “ჰოსანა, მაღალთა შინა ღმერთსა!“ დასცხო, ვებერის როკ-ოპერიდან “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“ და როგორც მაცხოვარს იერუსალიმში, ასე შეეგება ვიღაც ძალიან მაღალ კაცს. მოსესი არ იყოს, ხალხის ზღვა გააპო და საპატიო კლიენტი ისრაელიტელივით ურიგოდ გაიყვანა სამშვიდობოს. დღემდე არ ვიცი, ის კაცი ვინ იყო, არადა დოლარების შეკვრა ისე ოსტატურად გადათვალა, ხელიც არ დაუნერწყვავს - თითების ბალიშებიდან სითხე ბუნებრივად გამოეყოფოდა.


ამ სასწაულის ხილვის გამო კაი ხანს რელიგიურ ნირვანაში გახლდით და ჩემი რიგიც შეუმჩნევლად მოვიდა. ძალიან გამიხარდა, რადგან ბანკის დაკეტვას 5 წუთი აკლდა. და უეცრად, იცით, ვინ გამომეცხადა? აი, ის გოგო თუ გახსოვთ, ოთხმოცდაათიან წლებში, პურის რიგში ორსულობას რომ იჩემებდა, ურიგოდ მეკუთვნისო, შემდეგ ერთმა ქალბატონმა ადგილზე რომ გააქვავა, ცოტა არ იყოს, არაკორექტული იუმორით - მუცელი შენ არ გეტყობა და, მასე ბოდიში და, გუშინდელი ნაგორავები ყველა კი ვართო. მას შემდეგ ბარე 20 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვიცანი. ახლაც ორსულად ვარო, ღიმილით მახარა. მუცელი არც ამჯერად ეტყობოდა. სამწუხაროდ, არც მე ვიყავი ბოდიში და, წინა ღამის ნაგორავები, იგივე ენამოსწრებული პასუხით თავი რომ დამეცვა. არც ტესტერი მქონდა, შარდში “ორსულობის ჰორმონის“ კონცეტრაცია რომ შემემოწმებინა. ახალი წელი მივულოცე მომავალ დედას და სიმწრის ღიმილით გავეცალე იქაურობას.


მეტი რაღა ვთქვა?..მგონი, ყველაფერი ისედაც ნათელია. მორალისტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ასეთები ვართ ქართველები – მეორეობა არავის უნდა. წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც არა მგონია, რამე შეიცვალოს. ალბათ, თქვენც გადაგხდენიათ მსგავსი ამბავი და დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ვინ არის ბოლო? ტყუილად ნუ იწვალებთ, აზრი მაინც არა აქვს. ჩემს წინ მდგომებს კი მხოლოდ ამას ვეტყვი: თქვენ იყავით კარგად და მე თუ სადმე რიგში ამომხდა სული, ამრეზით მაინც ნუ შემომხედავთ, როგორც ბოლო, უკანასკნელ, საზიზღარ მაჯლაჯუნას. დიმიტრი გელოვანივით მაინც გამიხსენეთ: “პატიოსანი, თერაპევტი, წყნარი და ოჯახიშვილი იყო. პურის რიგში მოკვდა საწყალი!“