Friday, April 6, 2012

ვინ არის ბოლო?

რიგში დგომა მაინცდამაინც სასიამოვნო ქმედება არაა, თუმცა, ამის გამო არც არავინ მომკვდარა. დიმიტრი გელოვანს თუ არ ჩავთვლით... ისიც იმიტომ გამოგვეცალა ხელიდან, რომ პატიოსანი ექიმი, მთლად თერაპევტი, წყნარი და ნამეტანი ოჯახიშვილი კაცი გახლდათ. პურის რიგში მოკვდა საწყალი...


მართალია, დღესდღეობით თვალუწვდენელ რიგებს იშვიათად გადააწყდები, მაგრამ გამონაკლისი მაინც არსებობს. მაგალითად, რაღა ბასტი-ბუბუს ბილეთებისთვის გიბრძოლია და რაღა ავღანელ თალიბებთან. ფეიბოქსებთან ან ბანკომატებთან სულ სხვა ამბავი ტრიალებს – განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე ასაკოვან ქალბატონს ამ ეშმაკის მანქანის ვერაფერი გაუგია და წყევლა-კრულვით საათობით მარჩიელობს, რომელ ღილაკს დააჭიროს. ინტერნეტ–პროვაიდერთან დარეკვისას კი ზოგჯერ ნაღველი, დაუსაბამო მწუხარება გეუფლება. ჭინკა გოგონა ვნების აღმძვრელად გიჩურჩულებს: ჩემო მალხაზო და მშვენიერო, ყველა ოპერატორი დაკავებულია, 36-ე იქნებიო. თანაც, ის ჩემი ცოდვით სავსენი, განწყობის შესაქმნელად ისეთ მუსიკალურ ფონს გირთავენ, ცოტაც და ზაალ უდუმაშვილი ბორჯომის ხეობის ამინდის პროგნოზსაც შემოგთავაზებს. მოკლედ, რიგი მრავალნაირია, ყველას თავისი ბუნება-ხასიათი აქვს – საბავშვო ფილმის სეანსზე იქნება ეს თუ რომელიმე მოდურ ექოსკოპისტთან.


აი, ბანკი, სულ სხვაა. ცოტა ხნის წინ მომიხდა ერთ-ერთ მათგანში მისვლა. ყველას ჯვარი გწერიათ, და ამჯერად სესხის აღებას არ ვაპირებდი, მხოლოდ მოსაწყენი მოკლე კონსულტაციის მიღება მჭირდებოდა. ბანკიც ჩვეულებრივი გახლდათ, თამბაქოს მოსაწევად თანამშრომელი ბიჭები ქუჩაში რომ გამოდიან ხოლმე, უცნაურად სწორი ნაცრისფერი შარვლით, ალადინის წვეტიანცხვირიანი შავი ფეხსაცმლით, კორპორატიული ფერის ყლინჯით და წარწერით პერანგზე, მაგალითად - თემური ან შიო. ინტერიერიც სტანდარტული: სარეკლამო სტენდები - ყურებამდე გაღიმებული, უჩვეულოდ თეთრკბილება გოგონებით და სპეციფიკური ფუსფუსით, რომელიც მხოლოდ დოლარის ერთ ადგილზე დიდი რაოდენობით თავმოყრას ახასიათებს.


ჰოდა, ამ შიომ თავაზიანად მომიბოდიშა, რიგითობის ნომრის მომნიჭებელი აპარატი დროებით არ მუშაობს და ცოცხალი რიგი დაიკავეთო. სხვა რა გაეწყობოდა, სალაროსთან დახვეულ საზოგადოებას მივუახლოვდი. ვის არ ნახავდით აქ: კომუნალურებზე მონღოლებივით დედაბუდიანად მოსულ ოჯახებს, ვალუტის გაცვლა-გამოცვლაზე მოჩალიჩე შებერტყილ ტიპებს, საკრედიტო პროცენტების გადახდისგან გამხდარ, დანევროზებულ აჩრდილებსა თუ პატრულის ჯარიმებით პატივაყრილებს. ყველას ეჩქარებოდა, ამიტომაც ფულის ოხშივარში გახვეული დიდი ხმაური და ღრიანცელი ტრიალებდა: “რატომ მუშაობს მხოლოდ ერთი სალარო?“, “გენაცვალე, ჩაგეძინა?“, “აუ, დაუჩქარეთ, რაა!“ და ა.შ.


კაცობრიობას დასაბამიდან სულ რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს: “ყოფნა, არ ყოფნა?“, “ვინ მოკლა კენედი?“, “ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი?“, “იგორ გიორგაძე მართლა არსებობს თუ არა?“, “ინგლისურის რომელ დიალექტზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი?“, “სად გაქრა ვიტალი ხაზარაძე?“, “რა ჯანდაბა მოხდა სერიალ “დაკარგულებში?“ და “შეუშვებს თუ არა დიმიტრი შაშკინი მანდატურებს ქალიშვილობის ინსტიტუტში?“ თუმცა, არის კიდევ ერთი, საპასუხოდ არანაკლებ რთული კითხვა - “ვინ არის ბოლო?“


ჰოდა, ვიკითხე თუ არა, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. უძირო შიშმა და ძრწოლამ დაისადგურა, წახდნენ და მკვდრის ფერი დაედოთ, ვან ეიკის ტილოებზე რომ გინახავთ, ეგეთი. ჩვენში ხომ ყველა პირველია, ბოლოში დგომა კი “ჩმორობაა“ და მაგრად ტეხავს. ამიტომ ამრეზით შემომხედეს, რომელმა საზიზღარმა მაჯლაჯუნამ გვაკადრა ასეთი შერაცხყოფაო. გაირკვა, რომ ბოლო ერთი ქალბატონი ყოფილა, რომელსაც რიგი დაუკავებია, მალე დავბრუნდებიო. აი, ისეთ გაქექილზე მოგახსენებთ, სამ მაღაზიაში, ორ ბანკში, თონის პურის რიგში დგომასა და ბაზრის მოვლასაც ერთდროულად რომ ახერხებს. თანაც რიგს არასოდეს კარგავს - ყველგან დროზე ცხადდება. ისიც თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ცხვირწინ ამეტუზა გახარებული, რადგან ბოლო, უკანასკნელი მაჯლაჯუნას სამარცხვინო სტატუსი ჩამოირეცხა და მე მომანიჭა.


ვინაიდან ბანკი მალე იკეტებოდა, ღელვამაც იმატა. ქართველის არტისტული ნიჭი თუ მოხერხებულობა ხომ ასეთ სტრესულ ვითარებაში იღვიძებს. ურიგოდ გაძვრომის ცდუნებაც სექსის ჟინივითაა – თუ აგიტანა, ვერ გაჩერდები. პოზები, უკაცრავად - მუღამები კი, რამდენიც გინდა.


ბერიკაობა ასაკოვანმა ქალბატონმა გახსნა: კვნესა-ოხვრით უკნიდან მომეპარა, ღმერთმა ჯანი მისცეს, მაგრამ კაი ფალავანივით ისეთი მოგვერდი გამიკეთა, სულ თავთხლე გამადენინა - პენსიონერი ვარ, ფეხები მტკივა და გამატარე, შენც გახდები ჩემი ასაკისო. შემდეგი კი ქორფა გოგონა გახლდათ, მაგიური ფორმულით: “მხოლოდ ვიკითხო მინდა“. მეტი ვერაფერი მოეფიქრებინა, რადგან იმ ტომის გახლდათ, ერთ აზრზე გაჩერება, დაფიქრება, მაქსიმუმ ორი, ჰა და ჰა, სამი წუთით თუ შეუძლია. მარტივად მოვიგერიე, “ჩმორის“, მაჯლაჯუნას სტატუსი კი არ იკადრა და გავარდა. ასევე წარმატებით გავუმკლავდი ჰიპერტონიას, კენჭის გავლას და რამდენიმე შემოტევას ჟანრიდან: “მარტო ფულის დახურდავება მინდა“.


ამ ბრძოლებში გახლდით, როცა ბანკის თანამშრომლების უჩვეულო გამოცოცხლებას მოვკარი თვალი. შიომ სახოტბო შეძახილი “ჰოსანა, მაღალთა შინა ღმერთსა!“ დასცხო, ვებერის როკ-ოპერიდან “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“ და როგორც მაცხოვარს იერუსალიმში, ასე შეეგება ვიღაც ძალიან მაღალ კაცს. მოსესი არ იყოს, ხალხის ზღვა გააპო და საპატიო კლიენტი ისრაელიტელივით ურიგოდ გაიყვანა სამშვიდობოს. დღემდე არ ვიცი, ის კაცი ვინ იყო, არადა დოლარების შეკვრა ისე ოსტატურად გადათვალა, ხელიც არ დაუნერწყვავს - თითების ბალიშებიდან სითხე ბუნებრივად გამოეყოფოდა.


ამ სასწაულის ხილვის გამო კაი ხანს რელიგიურ ნირვანაში გახლდით და ჩემი რიგიც შეუმჩნევლად მოვიდა. ძალიან გამიხარდა, რადგან ბანკის დაკეტვას 5 წუთი აკლდა. და უეცრად, იცით, ვინ გამომეცხადა? აი, ის გოგო თუ გახსოვთ, ოთხმოცდაათიან წლებში, პურის რიგში ორსულობას რომ იჩემებდა, ურიგოდ მეკუთვნისო, შემდეგ ერთმა ქალბატონმა ადგილზე რომ გააქვავა, ცოტა არ იყოს, არაკორექტული იუმორით - მუცელი შენ არ გეტყობა და, მასე ბოდიში და, გუშინდელი ნაგორავები ყველა კი ვართო. მას შემდეგ ბარე 20 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვიცანი. ახლაც ორსულად ვარო, ღიმილით მახარა. მუცელი არც ამჯერად ეტყობოდა. სამწუხაროდ, არც მე ვიყავი ბოდიში და, წინა ღამის ნაგორავები, იგივე ენამოსწრებული პასუხით თავი რომ დამეცვა. არც ტესტერი მქონდა, შარდში “ორსულობის ჰორმონის“ კონცეტრაცია რომ შემემოწმებინა. ახალი წელი მივულოცე მომავალ დედას და სიმწრის ღიმილით გავეცალე იქაურობას.


მეტი რაღა ვთქვა?..მგონი, ყველაფერი ისედაც ნათელია. მორალისტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ასეთები ვართ ქართველები – მეორეობა არავის უნდა. წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც არა მგონია, რამე შეიცვალოს. ალბათ, თქვენც გადაგხდენიათ მსგავსი ამბავი და დღემდე ვერ გაგირკვევიათ, ვინ არის ბოლო? ტყუილად ნუ იწვალებთ, აზრი მაინც არა აქვს. ჩემს წინ მდგომებს კი მხოლოდ ამას ვეტყვი: თქვენ იყავით კარგად და მე თუ სადმე რიგში ამომხდა სული, ამრეზით მაინც ნუ შემომხედავთ, როგორც ბოლო, უკანასკნელ, საზიზღარ მაჯლაჯუნას. დიმიტრი გელოვანივით მაინც გამიხსენეთ: “პატიოსანი, თერაპევტი, წყნარი და ოჯახიშვილი იყო. პურის რიგში მოკვდა საწყალი!“

No comments:

Post a Comment