– ჩაი გნებავთ?
– დიახ, შავი, მაგარი...არა, არა...თუ ბანანის?.. აი, „ჟოჟობას“ არომატით და „ქაშემირის“ ექსტრაქტით მირჩევნია, ოდნავ გრილი და ნახევარმთვარის ფორმით წვრილად დაჭრილი ღვთიური ლიმონით, სალმან რუშდის უყვარს ძალიან...არა მგონია, თბილისში ვინმემ იცოდეს, მაგრამ მაინც...იქნებ რძიანი მწვანე ჩაი „ულუნი“ (ან ულუნგი, ვერ გავარჩიე) გქონდეთ?.. ტოკიოში მაქვს გასინჯული ერთ კინოფესტივალზე, საოცრებაა...ჰოკაიდოელი ქალწულები კრეფენ ამ ჯიშს სათუთად...თანაც მხოლოდ გამთენიისას, როცა უცოდველ ფოთლებს მზის სხივები ჯერ არ მოფერებია, კვდომისას არომატი რომ არ დაეკარგოს...“როიბუში“ მინდოდა დილით, მაგრამ დებიუსის ეტიუდებს მოვუსმინე და ახლა დევიანტურ ხასიათზე ვარ...
თავიდან ვიფიქრე ხუმრობს მეთქი, თუმცა ეს მონოლოგი 10 წუთი გაგრძელდა და სასომიხდილი მიმტანიც მალევე გაეცალა ინკვიზიტორს. გოგონებმა კი ვაჟის ინტელექტითა და დახვეწილი გემოვნებით გამოწვეული აღფრთოვანება ვეღარ დამალეს, ამიტომაც იქვე განუცხადეს, რომ ის უგზო-უკვლოდ განათლებული, ყველასგან გამორჩეული „ტვორჩესკი ნატურაა“ და ამიტომაც უყვართ.
რამ გამაღიზიანა არ ვიცი, კაცს ხარისხიანი ჩაის დალევა სურდა და გოგოების მხრიდან გამოხატული ამგვარი სიმპათიაც არ უნდა ყოფილიყო შურის გამომწვევი. იქ მაინც ვეღარ გავჩერდი და სხვაგან იძულებითი გადაადგილება ჩემს ნევროზს დავაბრალე.
თუმცა, მთელი დღე თბილისური სნობიზმის ამ სახეობაზე ფიქრები ამეკვიატა, რომელთაც თქვენც გაგიზიარებთ, იქნებ და გეცნოთ ვინმე.
რადგან გოგოების ნაწილისათვის (იმედია) მზეჭაბუკების ეს ტიპი, ასე გამორჩეული და საყვარელი აღმოჩნდა, მოდი ფრანგებს დავესესხოთ – მას პირობითად „შუშუ“ დავარქვათ (ფრ. Chouchou – საყვარელი, душенька, любимчик).
გრძნობთ ამ სახელის იდუმალ ენერგიას?..თანაც რა კეთილშობილური ჟღერადობა აქვს, არა? მარტივადაც გამახსოვრდება და მხოლოდ მას ქვია, მგონი პლანეტაზეც კი. პროფესიის შერჩევაც შესაძლებელია. შუშუ თანაბარი წარმატებით შეიძლება იყოს მწერალი ან პოეტი, მხატვარი, ჟურნალისტი, რეჟისორი და ჩვენს ქვეყანაში მეტად „შემდგარი“ სხვა სფეროების წარმომადგენელიც. მაგრამ ამჯერად, მუსიკალურ პროდიუსერზე შევჩერდები, რა თქმა უნდა, პირობითად.
პროდიუსერი შუშუ მელოტი თბილისელი ბიჭია, ნაზი კანით და სათვალით. კვებაში ფულს იშვიათად იხდის, მეტწილად წიგნების პრეზენტაციებისა და Fashion Week-ების ავთერ-ფართების VIP სტუმარია. სალატ(ь)იკებს მიირთმევს, თამბაქოს მუნდშტუკით ეწევა და მხოლოდ ვისკის აყოლებს. იგი ვერბალური აგრესიულობით გამოირჩევა და ამავე ავთერ-ფართებზე ანგლო-ქართული ლექსიკით (freak, village looking asshole, redneck) ლანძღავს ყველას, ვინც კი ახსენდება. თვლის, რომ მის გარდა ყველა უნიჭოა და ცხოვრება ცოტა სამართლიანი რომ ყოფილიყო – მინიმუმ ნინა ჰაგენის პროდიუსერი იქნებოდა ბერლინში.
შუშუ გამორჩეულად იცვამს და თავისი სტილიც აქვს. ნაკლებად ცნობილ ნორჩ იაპონელ კუტურიეს – ცუმორი ჩისატოს აღიარებს მხოლოდ, მის ველვეტის შარვლებს, შარფ(ь)იკებსა და კუბოკრულ პიჯაკებს იწერს ინტერნეტით. ჩეხი დიზაინერის მაცალ კუროჩეკის კედების მთელი კარადა აქვს და ხაკისფერ ლაბადასაც იხდენს ხოლმე, გერმანიის დროშით მკლავზე.
შუშუს საყვარელი ფრაზაა – „ამ კალხოზში სული მეხუთება!“. დარწმუნებულია, რომ ინტელექტუალური განვითარების დონით ეპოქას გაუსწრო, საქართველო კი მას სამწუხაროდ ჩამორჩა. აქედან გამომდინარე შაკიკი აწუხებს და ბოლო წლებია, რაღაც მითიურ ფულს ელოდება, ჩეხეთის წყნარ ქალაქ ბრნოში რომ გადასახლდეს, დისიდენტ ხელოვანთა ორდენი დაარსოს და წიგნები წეროს.
შუშუს სახლში მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. ქართულად რატომღაც ვერ კითხულობს, რუსულად ან მხოლოდ ორიგინალში. უყვარს ორჰან ფამუქის „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ (ბოლომდე ვერ წაიკითხა), მიშელ უელბეკთან და მისი „ელემენტარულ ნაწილაკებთან“ ერთად კი ძინავს ფაქტობრივად (წაიკითხა, მაგრამ ვერაფერი გაიგო), ბოლო დროს კი ინცესტის მკვლევარი ჯუდით ლუის ჰერმანი გააღმერთა (მისი წიგნი ვიღაცას ათხოვა და დაკარგვის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა საძაგელს). ლიტერატურას უნდა დავუმატოთ ენდი უორჰოლის ისტერიული სიყვარული და ჩინელი მხატვარ-კონტემპორარისტის – აი ვეი ვეის რეპროდუქციებიც სახლის კედლებზე. მართალია, დიდად არ გიჟდება, მაგრამ „აი, დჯაან სტრანნია“. მოკლედ, ეს ის ინტელექტუალური პაკეტია, რომელიც შუშუს მომენტალურად უფანტავს ზოგჯერ ეშმაკივით შეჩენილ ეჭვებს, მისი განსხვავებულობისა და გამორჩეულობის თაობაზე.
მუსიკა და კინო კი ცალკე თემაა შუშუსეულ წარმოდგენებში. როგორც ამბობს, ლარს ფონ ტრიერის „დოგვილი“ მისი სულიერი სიბერწის განცდას უმკლავდება. ბერტოლუჩი მართალია ცოტა ეგოიმება, თუმცა რეჟისორის „კონფორმისტს“ წყალობს, კონვენციური სიცხადეებით გაჯერებული ფილმიაო. მუსიკაში კი გერმანულ პოსტ-მოდერნ-ტრანს-ფსიქოდელიურ ელექტრონულ მიმართულებას აწვება. უსმენს ისეთ ჯგუფებს, რომელთა არსებობაც კაციშვილს არასოდეს გაუგია 82 მილიონიან გერმანიაშიც კი. ასეთია, მაგალითად ებრაულ-ურუგვაული დუეტი „Analog Pussy“ ბერლინიდან, რომელთა ჩანაწერებს არავის აძლევს, იდუმალი საკომუნიკაციო სივრცე დამერღვევაო.
როგორც ჭეშმარიტ სნობ ინტელექტუალს, შუშუს რამოდენიმე ფობია და ახირებაც აქვს, ისეთივე უცნაური, როგორიც მისი ნატიფი ნატურაა. მეტად ფაქიზი ფსიქიკის გამო, ვერ ჭამს ჰოლანდიურ ყველს „სერ ბაბუნს“ მარჯანიშვილის თეატრში, ლიფტებში სარკეში ვერ იყურება, აეროპორტებში „პერესადკები“ ნერვებს უშლის, რის გამოც კანი უშრება, ვაკის მაღაზიების ვიტრინებში გამოფენილი მანეკენების (მხოლოდ შავის) კი ძალიან ეშინია და ამასთანავე მარტო მან იცის, როგორ მოაგვაროს ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემა.