Wednesday, March 16, 2011

Chouchou

რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან ერთად ჩვენი სითის ერთ-ერთ დაწესებულებაში სულის მოსაბრუნებლად შევედი. არავინ იყო, გარდა ორი გოგონასი და ერთი 30 წლამდე მამაკაცისა, რომელიც მიმტანს ესაუბრებოდა:

ჩაი გნებავთ?

– დიახ, შავი, მაგარი...არა, არა...თუ ბანანის?.. აი, „ჟოჟობას“ არომატით და „ქაშემირის“ ექსტრაქტით მირჩევნია, ოდნავ გრილი და ნახევარმთვარის ფორმით წვრილად დაჭრილი ღვთიური ლიმონით, სალმან რუშდის უყვარს ძალიან...არა მგონია, თბილისში ვინმემ იცოდეს, მაგრამ მაინც...იქნებ რძიანი მწვანე ჩაი „ულუნი“ (ან ულუნგი, ვერ გავარჩიე) გქონდეთ?.. ტოკიოში მაქვს გასინჯული ერთ კინოფესტივალზე, საოცრებაა...ჰოკაიდოელი ქალწულები კრეფენ ამ ჯიშს სათუთად...თანაც მხოლოდ გამთენიისას, როცა უცოდველ ფოთლებს მზის სხივები ჯერ არ მოფერებია, კვდომისას არომატი რომ არ დაეკარგოს...“როიბუში“ მინდოდა დილით, მაგრამ დებიუსის ეტიუდებს მოვუსმინე და ახლა დევიანტურ ხასიათზე ვარ...

თავიდან ვიფიქრე ხუმრობს მეთქი, თუმცა ეს მონოლოგი 10 წუთი გაგრძელდა და სასომიხდილი მიმტანიც მალევე გაეცალა ინკვიზიტორს. გოგონებმა კი ვაჟის ინტელექტითა და დახვეწილი გემოვნებით გამოწვეული აღფრთოვანება ვეღარ დამალეს, ამიტომაც იქვე განუცხადეს, რომ ის უგზო-უკვლოდ განათლებული, ყველასგან გამორჩეული „ტვორჩესკი ნატურაა“ და ამიტომაც უყვართ.

რამ გამაღიზიანა არ ვიცი, კაცს ხარისხიანი ჩაის დალევა სურდა და გოგოების მხრიდან გამოხატული ამგვარი სიმპათიაც არ უნდა ყოფილიყო შურის გამომწვევი. იქ მაინც ვეღარ გავჩერდი და სხვაგან იძულებითი გადაადგილება ჩემს ნევროზს დავაბრალე.

თუმცა, მთელი დღე თბილისური სნობიზმის ამ სახეობაზე ფიქრები ამეკვიატა, რომელთაც თქვენც გაგიზიარებთ, იქნებ და გეცნოთ ვინმე.

რადგან გოგოების ნაწილისათვის (იმედია) მზეჭაბუკების ეს ტიპი, ასე გამორჩეული და საყვარელი აღმოჩნდა, მოდი ფრანგებს დავესესხოთ – მას პირობითად „შუშუ“ დავარქვათ (ფრ. Chouchou – საყვარელი, душенька, любимчик).

გრძნობთ ამ სახელის იდუმალ ენერგიას?..თანაც რა კეთილშობილური ჟღერადობა აქვს, არა? მარტივადაც გამახსოვრდება და მხოლოდ მას ქვია, მგონი პლანეტაზეც კი. პროფესიის შერჩევაც შესაძლებელია. შუშუ თანაბარი წარმატებით შეიძლება იყოს მწერალი ან პოეტი, მხატვარი, ჟურნალისტი, რეჟისორი და ჩვენს ქვეყანაში მეტად „შემდგარი“ სხვა სფეროების წარმომადგენელიც. მაგრამ ამჯერად, მუსიკალურ პროდიუსერზე შევჩერდები, რა თქმა უნდა, პირობითად.

პროდიუსერი შუშუ მელოტი თბილისელი ბიჭია, ნაზი კანით და სათვალით. კვებაში ფულს იშვიათად იხდის, მეტწილად წიგნების პრეზენტაციებისა და Fashion Week-ების ავთერ-ფართების VIP სტუმარია. სალატ(ь)იკებს მიირთმევს, თამბაქოს მუნდშტუკით ეწევა და მხოლოდ ვისკის აყოლებს. იგი ვერბალური აგრესიულობით გამოირჩევა და ამავე ავთერ-ფართებზე ანგლო-ქართული ლექსიკით (freak, village looking asshole, redneck) ლანძღავს ყველას, ვინც კი ახსენდება. თვლის, რომ მის გარდა ყველა უნიჭოა და ცხოვრება ცოტა სამართლიანი რომ ყოფილიყო – მინიმუმ ნინა ჰაგენის პროდიუსერი იქნებოდა ბერლინში.

შუშუ გამორჩეულად იცვამს და თავისი სტილიც აქვს. ნაკლებად ცნობილ ნორჩ იაპონელ კუტურიეს – ცუმორი ჩისატოს აღიარებს მხოლოდ, მის ველვეტის შარვლებს, შარფ(ь)იკებსა და კუბოკრულ პიჯაკებს იწერს ინტერნეტით. ჩეხი დიზაინერის მაცალ კუროჩეკის კედების მთელი კარადა აქვს და ხაკისფერ ლაბადასაც იხდენს ხოლმე, გერმანიის დროშით მკლავზე.

შუშუს საყვარელი ფრაზაა – „ამ კალხოზში სული მეხუთება!“. დარწმუნებულია, რომ ინტელექტუალური განვითარების დონით ეპოქას გაუსწრო, საქართველო კი მას სამწუხაროდ ჩამორჩა. აქედან გამომდინარე შაკიკი აწუხებს და ბოლო წლებია, რაღაც მითიურ ფულს ელოდება, ჩეხეთის წყნარ ქალაქ ბრნოში რომ გადასახლდეს, დისიდენტ ხელოვანთა ორდენი დაარსოს და წიგნები წეროს.

შუშუს სახლში მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. ქართულად რატომღაც ვერ კითხულობს, რუსულად ან მხოლოდ ორიგინალში. უყვარს ორჰან ფამუქის „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ (ბოლომდე ვერ წაიკითხა), მიშელ უელბეკთან და მისი „ელემენტარულ ნაწილაკებთან“ ერთად კი ძინავს ფაქტობრივად (წაიკითხა, მაგრამ ვერაფერი გაიგო), ბოლო დროს კი ინცესტის მკვლევარი ჯუდით ლუის ჰერმანი გააღმერთა (მისი წიგნი ვიღაცას ათხოვა და დაკარგვის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა საძაგელს). ლიტერატურას უნდა დავუმატოთ ენდი უორჰოლის ისტერიული სიყვარული და ჩინელი მხატვარ-კონტემპორარისტის – აი ვეი ვეის რეპროდუქციებიც სახლის კედლებზე. მართალია, დიდად არ გიჟდება, მაგრამ „აი, დჯაან სტრანნია“. მოკლედ, ეს ის ინტელექტუალური პაკეტია, რომელიც შუშუს მომენტალურად უფანტავს ზოგჯერ ეშმაკივით შეჩენილ ეჭვებს, მისი განსხვავებულობისა და გამორჩეულობის თაობაზე.

მუსიკა და კინო კი ცალკე თემაა შუშუსეულ წარმოდგენებში. როგორც ამბობს, ლარს ფონ ტრიერის „დოგვილი“ მისი სულიერი სიბერწის განცდას უმკლავდება. ბერტოლუჩი მართალია ცოტა ეგოიმება, თუმცა რეჟისორის „კონფორმისტს“ წყალობს, კონვენციური სიცხადეებით გაჯერებული ფილმიაო. მუსიკაში კი გერმანულ პოსტ-მოდერნ-ტრანს-ფსიქოდელიურ ელექტრონულ მიმართულებას აწვება. უსმენს ისეთ ჯგუფებს, რომელთა არსებობაც კაციშვილს არასოდეს გაუგია 82 მილიონიან გერმანიაშიც კი. ასეთია, მაგალითად ებრაულ-ურუგვაული დუეტი Analog Pussy ბერლინიდან, რომელთა ჩანაწერებს არავის აძლევს, იდუმალი საკომუნიკაციო სივრცე დამერღვევაო.

როგორც ჭეშმარიტ სნობ ინტელექტუალს, შუშუს რამოდენიმე ფობია და ახირებაც აქვს, ისეთივე უცნაური, როგორიც მისი ნატიფი ნატურაა. მეტად ფაქიზი ფსიქიკის გამო, ვერ ჭამს ჰოლანდიურ ყველს „სერ ბაბუნს“ მარჯანიშვილის თეატრში, ლიფტებში სარკეში ვერ იყურება, აეროპორტებში „პერესადკები“ ნერვებს უშლის, რის გამოც კანი უშრება, ვაკის მაღაზიების ვიტრინებში გამოფენილი მანეკენების (მხოლოდ შავის) კი ძალიან ეშინია და ამასთანავე მარტო მან იცის, როგორ მოაგვაროს ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემა.

ასეთია შუშუ, ერთი არაჩვეულებრივი და ყველასგან გამორჩეული თბილისელი ინტელექტუალი. ვერ ვიტყვი, ჩვენი სითი სავსეა შუშუებით მეთქი, მაგრამ ვინმე მაინც გაგახსენდებათ.

13 comments:

  1. თამუნაMarch 16, 2011 at 2:51 AM

    კარგი იყო! შუშუა შუშუური!

    ერთმა რამემ გამაკვირვა, საიდან იაპონიის და ჩეხეთის მოდის ამომავალი ვარსკვლავების ცოდნა? :)
    პ.ს. ეს ისე ხუმრობით

    ReplyDelete
  2. თამუნა, ეს ის არაა რაც შენ იფიქრე...

    ReplyDelete
  3. შუშუ ცოტათი ბაძავს გოგი გვახარიას :))))))))

    ReplyDelete
  4. Anonymous ძალიან სამწუხაროა, ასე თუ ფიქრობთ...მარტივად რომ გითხრათ, აცდით თემას...თან მაგრად...

    ReplyDelete
  5. ეს პერსონაჟი არავის არ ბაძავს. ძალიან თვითმყოფადი და ორიგინალურია. ჯასთ შუშუ :–)))))) რომელიც სინამდვილეში შეიძლება ჯევდეთ ბეის ვაჟიშვილების ნაცვლად სიამოვნებით კითხულობდეს პეპის (რომელიც ჩემი აზრით ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე ზემოთხსენებული რომანი), მაგრამ ამას არასდროს არაფრისდიდებით არ გაამხელს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე დავინახე – ცოტა ყალბი და ცოტა დაკომპლექსებული, მაგრამ ალბათ თავისებურად ნიჭიერიც, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია რძიან ჩაიზე გაგიჟდეს პო ბრიტანსკი, თუ როიბუშზე :–))))))
    მოკლედ, კარგი ხარ, ვახო :–)

    ReplyDelete
  6. Madame Balboa Rock n' RollMarch 16, 2011 at 11:34 AM

    dzalian didi madloba chouchoustvis. samcuxaroa rom texti upro grdzeli ar aris... razgonit vkitxulobdi da uceb damtavrda. Arada kargad shevedi personajshi! Bravo mon chouchou.:)

    ReplyDelete
  7. :D:D:D
    რამდენი ვიცინე და ოფიციანტთან სცენამ ისე მომაგონა ჩემი მეგობარი, ტოკიო რომ არ გეხსენებინათ, სადაც ნამდვილად ვიცი, რომ არაა ნამყოფი, თავს დავდებდი რომ მას გადაეყარეთ :D

    ReplyDelete
  8. bichola :)) sayvareli putkuniko :))

    ReplyDelete
  9. შუშუთმცოდნეობის ექსპერტი რო გაიჩითე თუ ხვდები:D

    ReplyDelete
  10. http://www.youtube.com/watch?v=cdUO3_c4rwc თქვენი პერსონაჟისმაგვარ ადამიანებთან შეხვედრისას ყოველთვის მიპყრობს ხოლმე სურვილი ამ ამაღლებული განწყობიდან ცოდვილ ქართულ მიწაზე დავაბრუნო,ისევე როგორც ამ ფილმში იპოლიტე ხვიჩია აკეთებს:)

    ReplyDelete
  11. მართლა მაგონებს შუშუ ვიღაცა ტიპებს:)))

    ReplyDelete
  12. BICHOLLA saertod ar gavs "shushus" bevri ak darchenili "shushumde".

    ReplyDelete
  13. შუშუ არფრის მაქნისი, ძალიან საყვარელი, ცოტათი "იმპოტენტი", გადაშენების გზაზე მყოფი ქართველი კაცია, რომელსაც საშინლად ეზარება შრომა თავისი ფაქიზი სხეულით, სიკვდილივით ეშინია რეალობის და ჰგონია ეს სტილი რომ ჰქონდეს ყველა მიატოვებს... პეპის ალბათ მართლა ძალიან დიდი სიამოვნებით კითხულობდა ბავშვობაში და ალბათ საშინლად იტანჯება ორიგინალური ავტორებისა და რომანების სახელების დამახსოვრებისას... მოკლედ ადრე "სვეტსკი" სალონების
    "მასხარები" რომ იყვნენ, იმათი მუტანტია და რა ქნას?! ერთი რამ ვერ გავიგე ოღონდ, ეს "შუშუები" რატომ ორიენტირდებიან ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზე, რა დააშავა დასავლეთ ევროპამ, ამერიკამ და სულაც ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიღებულმა გამოცდილებამ და განცდებმა, ან ამ ქვეყნების სამზარეულომ? გული მტკივა პირდაპირ... დროა ეგეც შემოვიდეს მოდაში ... თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებს სერიალებმა გაუტეხეს სახელი??? აშშს მაინც რაღა დაემართა? როგორ უნდა დაეკონტაქტო ეგეთ ახალგაზრდას, არა ეს არ არის სნობიზმი, რაც მაგათ ჭირთ... მე მგონი ეს შიშია, რეალობის შიში, ან ეს გოგონები რამ გამოაშტერა... მეც უმრევჯერ შევხვედრივარ "შუშუებზე" უზომოდ შეყვარებულ მშვენირ ქართველ ქალებს... მოკლედ... მითხარით რამე, თორემ გასკდა გული. რა გვჩირს? რა გვემართება? ნაწილი "შუშუა", მეორე ნაწილი ნარკომანი, მესამე კიდევ საშინლად დანევროზებული... ღმერთო შენ გვიშველე

    ReplyDelete