Monday, September 26, 2011

batitasiko@rambler.ru


ირმა სამსახურში დროულად გამოცხადდა. ასაკოვანი, მეგობარი თანამშრომელი ქალბატონები მოიკითხა და ახარა, თქვენი რჩევა გავითვალისწინე - თმა კვერცხის გულით და მაიონეზით დავიბანეო. შემდეგ კი, როგორც პროფესიონალ მდივან-რეფერენტს ეკადრება, დილის ის ტრადიცული რიტუალიც შეასრულა, მერამდენე წელია რომ ატარებდა, მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობით: შეფს (ასე მოიხსენიებდა) კორესპონდენცია დაუხარისხა, პრეზიდენტის მუდმივად გადახრილი ფოტო თვალის თარაზოთი გაასწორა, დამლაგებელი იზო გვარიანად გამოლანძღა - ჩემი ჭიკარტები, რატომ ქრებაო და „ოდნოებში“ შეისეირნა - Вход: batitasiko@rambler.ru; Пароль: bacaco (ბატი ტასიკოსავით გულუბრყვილო და ცაკალელი ვარო). მისი ყველაზე საყვარელი განყოფილება „Мои Гости“ გახლდათ, თორემ ახალი პირადი შეტყობინების მოლოდინი დიდი ხანია დაეკარგა, რესურსის ადმინისტრაციას თუ გაახსენდებოდა ხოლმე, ისიც 8 მარტის ან ახალი წლის მოლოცვებით.


ჰოდა, ირმაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა ვინმე იაგო დამეგობრების მოთხოვნა დახვდა, თავისი შეტყობინებით: სალამი, ირმა! ვირტუალურ მანიაკებზე ბევრი სმენოდა და არამჩატებულმა პასუხის გაცემამდე სიფრთხილე გამოიჩინა - უცხო მამაკაცის ფოტოგალერეას ეწვია. იქ კი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული რაც კი ქართველებს ეკლესია-მონასტერი აუგიათ, თითქმის ყველას მოეყარა თავი. მართალია, შიგადაშიგ გერმანული პისტოლეტების თუ უილიამ უოლოსის ფოტოებიც გამოერეოდა, მაგრამ ირმას თვალში მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ცეცხლსასროლმა იარაღმა და კაბიანმა მელ გიბსონმა ვერაფერი დააკლო. პირიქით, საოცრად გაათამამა, პომადიანი ბიჩოკი“ დაუდევრად მოათავსა საფერფლეში (დიდხანს რომ ბოლავს ხოლმე) და კითხვები მიაყარა: - გამარჯობა იაგო! დაგიმეგობრებ, მორწმუნე ჩანხარ! შენობით რომ გელაპარაკები უხერხული ხომ არაა? როგორ მომაგენი? რას საქმიანობ? შენი ფოტო რატომ არ გიდევს?


იაგო ყოფილი „ოპერმუშაკი“ გახლდათ და პოლიციის რეფორმის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილს, რომან ბაძაღუას პროქტოლოგიის ცენტრში დაეწყო მუშაობა „სექიურითიში“. უცოლო კაცი გახლდათ, ბუასილი აწუხებდა და „ნაშობას“ ეძებდა ოდნოებში, სადაც არავის უტყდებოდა, მოქალაქეთა უკანა ტანის უსაფრთხოებას რომ უზრუნველყოფდა. ირმასაც აპრობირებული, პრესტიჟული მითი შესთავაზა საკუთარი ვინაობის შესახებ - 33 წლის ვეძისელი ექს-მოკრივე, ორსართულიანი სახლით და ხეხილიანი ეზოთი, კურო და ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქის დაცვის უფროსი. სერიოზული კაცი ვარ, სურათს საჯაროდ არ ვდებო და ასეთი შემთხვევებისათვის სპეციალურად შერჩეული ფოტო გადაუგზავნა მეილზე. ფოტოზე კი შავი პერანგი ეცვა, იმავე ფერის, ოდნავ ამობურცული აპლიკაციებით, ნაჭრის სწორი შარვალი და წვეტიანი ლაკის პრიალა ფეხსაცმელები, ცალ ხელში გასაღებების დიდი ასხმა ეპყრა, რომლის ნახევარზე მეტი რისი იყო, თვითონაც არ უწყოდა, მეორე ხელით კი თავის სიამაყეს - შავ ოპელს მიყრდნობოდა, სახელმწიფო ნომრით: ZLO ***.


- ვაიმე...იაგო, რა საინტერესო ადამიანი ჩანხარ? და თან ცოტა იდუმალიც, სულ სხვაგვარი წარმომედგინეJ

- როგორი...დახეული ჯინსებით, ბლანჟით და გრძელთმიანი? პიდარასტი კი არა ვარ...

- არა, ღმერთმა დაგიფაროს მაგისგან...

- პოზავჩერა სუფრაზე მივბერტყე ეგეთი ტიპი, ძლივს გადამირჩა...იმ ჭინკის სადღეგრძელო შევსვი, სულში რომ გვიზის და სასიამოვნო სისულელეებს რომ ჩაგვადენინებს ხოლმე...ჰოდა, უშნოდ იგრიხებოდა და ეცინებოდა...

- ეგრე უნდათ მაგ უჯიშოებს, წალეკეს აქაურობა...ყველაფერთან ერთად რომანტიულიც ყოფილხარ...ფილმი „ბოდიგარდი“ ხომ იცი? კევინ კოსტნერი და უიტნი ჰიუსტონი რომ თამაშობს და გადაეფარება...შეგიძლია, საყვარელი ადამიანის გამო ასეთი სიგიჟე ჩაიდინო? :)


იაგოს „ბოდიგარდი“ ნანახი არ ჰქონდა, მხოლოდ ორი ფილმი უყვარდა გარმორჩეულად, სტალონე რომ მკლავჭიდელია, ქუდს რომ უკან იტრიალებს და არნოლდის „ხიშნიკი“. კუთხეში მიმწყვედულს რაღაც ხომ უნდა ეღონა? ამიტომ, კვლავ ნაცადი სტრატეგია გამოიყენა, ასე გიპასუხებო და პოეზიის ვებ-გვერდიდან ამოწერილი ლექსი „დაუკოპიპასტა“: „ვერ მოვითმენ და დაგედევნები, ვერ დამემალო ცხრა მთას გადაღმა, გულმა მოიბა ხელები დევის, შენს შესაპყრობათ დაძრულა ახლა!“


ირმა მოიხიბლა, უყვარდა პოეზია, პროზა კი უფრო მეტად - პაოლო კოლეიო და ლევ ტოლსტოი (რუსს „ტალსტოი“-ს ეძახდა და ბოლო „ი“-ს მოწყვეტით, მსუბუქად წარმოთქვამდა), ციტატებს იწერდა თავის გულებიან ბლოკნოტში. ჰოდა, იაგომ რომ „ქიცი“ იცოდა ამაში დარწმუნდა, ამიტომ „ქიცმაცურის“ გარკვევაც სცადა - „ოდნოებში“ რა მიზნით ხარ, იმ კაცს არ ჰგავხარ, რუს და უკრაინელ გოგოებს რომ აბავენო...


აქ იაგოს ჩავუშვებ და მის ერთ უცნაურ ახირებას გავამხელ...უზნეო ვებ-გვერდს - Pupsik.ru-ს სტუმრობდა ხშირად. იქ კი კომერციული სექსის მუშაკი გოგოების ტელეფონებს იწერდა, თბილისიდან ურეკავდა, მაგალითად მოსკოვში და როგორც კლიენტი შეხვედრას უნიშნავდა, მერე კი საძმოში იმაზე „ღადაობდა“, აზრზე ხართ, რა გაუჩალიჩე, „სტრელზე“ მივა და იქ მე არ დავხდებიო...ასეთი უცნაური იუმორის გრძნობა ჰქონდა...ჰოდა, როცა ირმა მისი ტემპერამენტით დაინტერესდა, იაგო სწორედ Pupsik.ru-ზე ათვალიერებდა ვიღაც ტატიანას ძუძუებს. ოდნავ შეკრთა, მაგრამ გვერდი დინჯად დააფავორიტა, მერე მივწერო და მალევე გამოაცხო მგზნებარე პატრიოტული აღსარება, თუ როგორ იკადრებდა ოკუპანტებისკენ გახედვასაც კი: - არ ვარ მასეთი...ქალწულებრივ კლდემამოსილებას ვაფასებ, კლდემა კი ქართველ გოგონებს აქვთ მარტო, მათ შორის შენ... J


დიახ, იაგოს ჰქონდა უმნიშვნელო ინტელექტუალური იაღლიშები, მაგალითად ვეგეტარიანელს ვეტერანს ეძახდა, რეანიმაციას - რეამინაციას და ცხოვრებაში რომ შედგა, მაშინ იგრძნო, როცა ერთ-ერთ რესტორანში ნინო ჩხეიძესთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო (ზოგადად ბევრი „სთარის“ მეგობრობასაც იჩემებდა). ირმას კომპლიმენტი კი ეამა, მაგრამ ამ „კლდემამოსილებამ“ ცოტა შეაფიქრიანა, თუმცა, იმდენად აღზნებული გახლდათ, რომ ეგრევე მოიტყუა თავი - ალბათ, დიდრონი, ვაჟკაცური თითები აქვს და აკრეფისას შემთხვევით დაეჭირაო („K“ და „L“ ხომ განუყრელნი არიან კლავიატურაზე).


ვინაიდან ვირტუალური ტრფიალის ალმური უკვე მესამე საათი გრძელდებოდა, მდივან-რეფერენტი ლოგიკურ შემოთავაზებას ელოდა, რომანტიკულ შეხვედრასთან დაკავშირებით. ფიქრებში წავიდა: შევხვდები, კარგი ბიჭი ჩანს, წესიერი, მგონი მონწონვარ...რატომაც არ უნდა შევხვდე? 33 წლის ვარ და რა მიჭირავს ხელში? წარმოიდგინა როგორ მიაგელვებდა იაგო ZLO ***-ს დიღმის რომელიმე რესტორნისკენ, როგორ აჩუქებდა ერთ წითელ ვარდს (პატარა ბაშვები რომ ჩამოატარებენ ხოლმე). მეტიც, ირმამ უფრო წინ გადაახვია და ბედნიერი ოჯახური კერაც ეზმანა: 2 გოგო, 2 ბიჭი, მოსიყვარულე ქმარი და მამამთილის ნაჩუქარი აგარაკი ნაფეტვრებში.

მაშინ როცა ირმას ფიქრებში სტენკა ლოჯიაში გაქონდა, იაგომ მოიწყინა. კვლავ ტატიანას სლავურ ძუძუებში ჩარგო თვალები. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ცოტა მოდუნდა, მოეშვა. ტექსტი აკრიფა და ალბათ, გადაღლის გამო უცნაური შეცდომა დაუშვა: ოკუპანტისთვის გაკუთვნილი შეტყობინება ირმას გადაუგზავნა: ia gruzin, u menia ochen balshoi i tebe ponravitsia, krasavica…davai telefon!


წინაპრების მიერ საუკუნეთა მანძილზე სიმწრით შემონახული ეკლესია-მონასტრები ჩამოიშალნენ, ZLO ***-ს ძრავამ უმტყუნა, ნაფეტვრების აგარაკი დააყადაღეს, „სტენკა“ კარში არ გაეტია და ის წითელი ვარდიც წამებში დაჭკნა, რესტორანში რომ აჩუქა იაგომ. ირმას აღარაფერი უთქვამს, უხმოდ დატოვა „ოდნოები“. მხოლოდ საღამოს, სახლში თავის იადონებს გამოუტყდა (ორი იადონი ყავდა, ძმამ გამოუგზავნა კუიბიშევიდან), მართლა ბატი ტასიკო ვარო და შეჰფიცა, რომ უცხო ადამიანებს არასოდეს მიენდობოდა.


იაგოს კი იმ საღამოს ირმა არც გახსენებია, ძმაკაცებთან ერთად საქართველო-ლატვიის თამაშს უყურა, მარცხით გაგიჟებული გვარიანად გამოთვრა და გულში დაიქადნა, ხვალ „ოდნოში“ პრიბალტიკელ გოგოებს მივხედავო…

1 comment:

  1. მაგრად ვიხალისე, როგორც ყოველთვის ;))))

    ReplyDelete