Wednesday, July 6, 2011

როგორ გავხდი გოგოების „სპანჯბობი“


ამ ბლოგის დაწერის სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა, მაგრამ თავს ვიკავებდი - თემის ინტიმურობიდან გამომდინარე, ვინმეს არ ვაწყენინო-მეთქი. როგორც ხედავთ, ცდუნებას ვერ გავუძელი და ხათრით ნაკარნახევი თავშეკავებაც მარტივად გადავლახე. ამბავი სასაცილოა, ამავე დროს დამაფიქრებელიც და რეალურ ფაქტებს ეფუძნება. მეც ვეცდები, ისე გადმოვცე, რომ მთავარი გმირების კონსტიტუციურად დაცულ ღირსებასა თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ანუ .. პრაივესის“, არაფერი ვავნო. შესაბამისად, გმირების სახელები შეცვლილია და თუ ვინმე, საკუთარ თავს ან ახლობელს მაინც ამოიცნობს, ნაწყენს შეუძლია, poke-ით გამისწორდეს ანუ გვარიანად „მიმაპოუკოს“.

ჰამბურგელი ნიკოლ კაუფმანი საშუალო სიმაღლის გოგოა, შავი, მძიმე თმით, ცისფერი თვალებით, ნაზი, ხორბლისფერი კანითა და საოცრად მომხიბლავი ღიმილით. კარგი განათლება აქვს მიღებული, პროფესიულად შედგა და ზღაპრული სამსახურიც აქვს, ევროში გამოხატული ხელფასით. თანაც ისეთი შთამბეჭდავით, რომ დაიწეროს, მობილური ტელეფონის ნომერი უფრო გეგონება. ამ სიკეთეებთან ერთად, ნიკოლი გემოვნებითაც იცვამს, რაც ერთობ აძლიერებს გერმანელი მამაკაცების აბსოლუტურად გასაგებ ლტოლვას მის მიმართ. თუმცა, ყველას იქაც არ უმართლებს და უკვე ათი წელია, რაც მისი რჩეული - მარკეტინგის მენეჯერი მარკუს კლოზეა, ბოიფრენდის სტატუსით. თავიანთი ურთიერთობების ცოლქმრულ ფორმატში გადატანას არ ჩქარობენ – ასე ურჩევნიათ და ამის გარჩევა, აბა, რა ჩემი ტრაკის საქმეა. შესაბამისად, არ ვაწუხებ ისეთი გოიმური შეკითხვებით, როგორებიცაა მაგალითად: „როდის უნდა მაჭამოთ პური თქვენს ქორწილში?“ ან „ბავშვს არ აპირებთ? კონსპექტებს დაგიქსეროქსებდით...“ და ა.შ. მოკლედ, ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად იმ ევროპულ სახლში, სადაც ჩვენც შევძვრებით, ასეთი უტაქტო კითხვების დასმას ოდესმე თუ გადავეჩვევით.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ნიკოლი სამსახურებრივმა მოვალეობებმა საქართველოში გადმოისროლა. სწორედ სამუშაო ვითარებაში გავიცანი და უკვე წლებია, რაც ოჯახებითაც ვმეგობრობთ. ქართულ ყოფა-ცხოვრების წესს ალღო მარტივად აუღო, ტრადიციებიც გაითავისა, ნიაზ დიასამიძის „ყირამალაზე“ შეჯდა და ქართული ენაც შეისწავლა. უცხოელთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მწვანე ტყემლის, სულგუნისა თუ ხაჭაპურის გამო არ შეყვარებია (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხინკალი საკუთარ დედას ურჩევნია და ისე ოსტატურად მიირთმევს, ერთი წვეთიც არ ეღვრება). სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის უჭირს, აეროპორტში ცხარე ცრემლით ატირებული სასაცილო ქართულით გვემშვიდობება ხოლმე: „თქვენ რომ მეგობრობა იცით, ამგვარი თბილი ურთიერთობები ყველაზე მეტად დამაკლდებაო...“ ასე რომ, სუსხიან, პირქუშ ჰამბურგში დიდხანს ვერ ჩერდება ხოლმე და წელიწადში ორჯერ მაინც აქეთ იქაჩება.

თბილისში ბოლოს შემოდგომაზე ჩამოვიდა 2 კვირით. ქართველ მეგობრებს ყველას სათითაოდ ჩამოუარა და მაგრად გაიხარა. ერთ-ერთ ასეთ „სასტავურ ტუსოვკაზე“ ჩემს ერთ ნაცნობს - გიგის გადაეყარა. მისი დახასიათება ძალიან მეზარება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კიევიდან ახალი დაბრუნებული გახლდათ, მეტად ენერგიული და ფერზე მოსული, გასაგები მიზეზების გამო. (უკრაინულ შთაბეჭდილებებს ერთხელ სკანდალური აღიარებაც კი მოაყოლა: „ისეთი გოგოები ვნახე, აქამდე თურმე სულ კაცებში მივლიაო...“). ჰოდა, ნიკოლის მომხიბლავმა ღიმილმაც მიიქცია გიგის ყურადღება. თავიდან საკუთარ ძალებში ნაკლებად გახლდათ დარწმუნებული, რადგან სლავურ ბაზარზე ნავარჯიშევი გურჯისათვის გერმანული კულტურა მეტად უცხო ხილი აღმოჩნდა. გიგი იმ საღამოს მხოლოდ წინასწარი დაზვერვით შემოიფარგლა – იმის დადგენა სცადა, „მოიპარა“ ანუ შეათვალიერა თუ არა ნიკოლმა მისი დაუნდობელი სიმპათიურობა და ერთი-ორი წაიცეკვა კიდეც მარვინ გეის „Lets Get It On“-ზე, უკრაინაში ათვისებული ქორეოგრაფიით.

მეორე დღეს გიგი გაცილებით ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. ნიკოლის შესახებ მიღებული ინფორმაცია ნაბახუსევს, ხაშზე გადაამუშავა და ტვინში გარკვეული ლოგიკური დასკვნებიც გამოიტანა: „ბოიფრენდი ჰყავს... ესე იგი, არ არის ქალიშვილი... გერმანელია, უკომპლექსო ხალხია ეგენი... თანაც აშკარად იპარავდა... მოვეწონე... უეჭველი მომცემია!“ მისი გეგმა „ბარბაროსა“ საპატიო სტუმრის მცხეთის ხინკალზე დაპატიჟებას გულისხმობდა, რაც აბსოლუტურად საკმარისად მიაჩნდა სანუკვარი მიზნის მისაღწევად. ნიკოლი „ყველაზე სახალხო“ სალობიეში მეგობრებითურთ მიიწვია და წარმატებაში დარწმუნებულმა საკუთარი ჟინიც პირდაპირ გაანდო – დედმამიშვილების სადღეგრძელოს შემდეგ. სტუმარი კი გასაკვირად მომზადებული აღმოჩნდა მსგავსი შემოთავაზების მოსასმენად, რადგან ბოლო ათი წლის მანძილზე არაერთ ქართველ ღირსეულ მამაკაცს შეუთავაზებია მისთვის სარეცლის ერთი ღამით გაყოფა (თანაც მარტო გურჯისათვის გასაგები, მტკიცე არგუმენტით: „რა მოხდა?...შოჩიკი ხომ მაინც არ გიწერს?..“). თუმცა როგორც გაირკვა, ნიკოლის გერმანული „შოჩიკი“ მაინც წერდა, ამიტომ გიგის დიპლომატიური თავშეკავებით განუმარტა, რომ საყვარელი კაცი დიდი ხანია ჰყავდა და თემის საბოლოოდ დახურვისაკენ მოუწოდა.

მაგრამ გიგი ის კაცი არ გახლავთ, ფარ-ხმალი რომ ადვილად დაეყარა. უარი ქალურ მერყევ ბუნებას მიაწერა, ეგრევე თანხმობას ხომ არ მეტყოდაო და ბერლინის კედლის ნგრევას შემდგომ დღეებშიც მეტი რუდუნებით მოეკიდა – ამჯერად შარდენის სანახებში შეტყუებით. თუმცა, ამაოდ. ნიკოლი მოუხელთებელი ბინ ლადენივით გაურბოდა და ვიზიტის ბოლომდე ემალებოდა.

გერმანელი სტუმრის გამგზავრებამდე ორი დღეღა რჩებოდა და მოახლოებულმა „დედლაინმა“ აფორიაქებული გიგი რატომღაც ჩემამდე მოიყვანა. სექსუალური მხნეობის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. სახეზე ეწერა, რომ ნიკოლის დაუფლება მისთვის უკვე ეროვნული ღირსებისა თუ მამაკაცური პრინციპის საქმედ ქცეულიყო. თავისი გასაჭირი გამიზიარა და ბოლოს მითხრა: ვერაფერი მოვუხერხე, შენ დიდ პატივს გცემს. სთხოვე, მომცესო. არ დაგიმალავთ და ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. თავი მონათმფლობელი მეგონა, რომელსაც საწყალი სპარტაკის ვარინია უნდა მიეყიდა გიგი კრასუსისათვის. სუტენიორობის გამოცდილებაც აქამდე არასოდეს მქონია, არც პოლიკლინიკა ვყოფილვარ, მსგავსი ტიპის ტრავმები მომერჩინა. მეცინებოდა სიტუაციის აბსურდულობის გამო და ამაოდ ვუხსნიდი ჩემი უარის მორალურ-ეთიკურ მხარეებს.

ნიკოლი „უვნებელი“ გაემგზავრა ჰამბურგში. გიგიმ კი მოიწყინა. თუმცა, ახალი სტრატეგიებით, მის შემდეგ ვიზიტს დღესაც მოუთმენლად ელის. ჩემზე განაწყენებული ძველებურად აღარ მწყალობს, არ მელაპარაკება. ისევ ფოლკლორს თუ მოვიშველიებთ, ხელი დააფარე და გოგოების „მაჩალკა“ ყოფილხარო. მოკლედ, მაგრად ჩავიჭერი მეობასა თუ მამაკაცურ სოლიდარობაში და გიგი როდის „მომიტევებს“, არ ვიცი...

მანამდე კი, რა გაეწყობა? – ვიქნები გოგოების „სპანჯბობი“...

2 comments:

  1. ძალიან კარგად და საინტერესოდ წერ. თხრობის მანერაც შესაშურია :) კითხვის გაწყვეტის სურვილი არ გამჩენია :)
    მოკლედ, სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ თქვენს კლავიატურას მიკუთნებულ პოსტებს :)

    ReplyDelete
  2. წამში ჩავიკითხე და მივხვდი, რომ საყვედური უნდა გითხრა!!! რა წესია ასე იშვიათად რომ წერ??? :OO
    :)

    ReplyDelete