Wednesday, December 22, 2010

გიზო კენჭაძე, ბარი უაითი და კვერცხები

ალბათ, თქვენთვის ბევრჯერ უკითხავთ, თუ რა მუსიკას უსმენთ, თქვენც რა თქმა უნდა დაინტერესებულხართ სხვისი გემოვნებით. ბევრს ეს კითხვა უაზროდ მოჩვენებია („მცდის! ჩემზე მაგარ ტიპობას დაამტკიცებს, თუ მისი საყვარელი მომღერალი ან ჯგუფი არ დავასახელე!“ ორმხრივი კომპლექსები და სნობიზმი მოკლედ), შესაბამისად პასუხიც იდიოტურად მიგიჩნევიათ ხოლმე, მაგალითად ასეთი: „რაც მსიამოვნებს იმას!“. ვერ შეედავები, იურა შატუნოვის ან ჯვარი აქაურობას და კობზონის სიმღერებიც რომ სიამოვნებდეს. გემოვნება, ხომ ინდივიდუალურია.

თუმცა, ბევრისთვის ასეთი ინტერესი გულწრფელია და კითხვაზე პასუხიც მნიშვნელოვანი შემდგომი ურთიერთობისათვის, რადგან თვლიან, რომ საყვარელი ფილმით, ლიტერატურით, მუსიკით ადამიანის მსოფლმხედვეობაზე და შინაგან სამყაროზე შესაძლებელია გარკველი წარმოდგენის შექმნა. მეც ასე ვფიქრობ და ზოგჯერ კითხვაც გამჩენია: სოფია როტარუსა ან რიკი მარტინის სიმღერებს რა ასმენინებს? რამე ბიოგრაფიული გარემოებები, ინფორმაციული დეფიციტია ამის ბრალი, განათლება, გემოვნება თუ ბავშვობის ტრამვები? და ჩემი კომპეტენტურობის ფარგლებში პასუხებიც გამიცია, ჩემი თაობის კაცის – გიზო კენჭაძის ამბავის წყალობით, რომელშიც ყველა პერსონაჟი გამოგონილია, ნებისმიერი მსგავსება რეალურ პიროვნებასთან კიდევ არაა შემთხვევითი.

გიზო კენჭაზე პირველად მუსიკას დედის იავნანას წყალობით ეზიარა. დაახლოებით იმ ასაკში, როცა დათვის ბეწვზე თვეებისას შიშველს წამოაწვენდნენ „მარკ რივკინის“ სათვალეებით და ისე იღებდნენ ვაჟკაცის შავ–თეთრ ფოტოებს. ამიტომ, მას არც იავნანას ქალბატონ ნანულისეული ჰიპ–ჰოპ ვერსია ახსოვს და არც მისი შესრულების ხარისხი.

სამაგიეროდ გიზოს მეხსიერებამ მისი ერთ–ერთი დაბადების დღის მოგონება შემოინახა. 5 წლის გახდა და კენჭაძეებმაც 2 ოთახიან „ხრუშჩოვკაში“ დიდებული სუფრა გაშალეს. მისი დღეგრძელობა ყანწით რომ დააპირა, მამამ ბატონმა ედიშერმა უხმო იუბილარსაც, რომელიც გვერდით ოჯახში თანატოლებთან ერთად მაგრად ერთობოდა. მოუსვენარი, ცელქი და ცოცხალი ბავშვი იყო მუხლებზე „ზელიონკებით“, მაგრამ მამის ნებას წინ ვერ აღუდგა და მისივე მოთხოვნით აჩვენა სუფრის წევრებს კუტუ.

აი, რა ვაჟკაცი მეზრდებაო, დასჭექა ბატონმა ედიშერმა და მისი სადღეგრძელოც ბოლო წვეთამდე დაილია, „შენ გენაცვალე კვერცხებში!“–ს შეძახილებით. დედამაც სცადა თავის გამოჩენა, ონავრის მუსიკალური მონაცემებით დაიკვეხნა, “ჩოლკა” გაუსწორა და სკამზე შემომდგარს „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“ ამღერა.


კენჭაძეებში ქეიფს არაფერი ჯობდა და ამიტომაც ამ ლხინს არც ერთი მეტად პოპულარული, შემდგარი მომღერალი მამაკაცი გამოაკლდა. აი ისეთი, წითელი „ბეზრუკავკებით“ სამშობლოზე რომ მღეროდა ხოლმე ვახტანგ გორგასლის ძეგლის ფონზე. საკუთარ სტუდია „ჯეჯილში“ მიიწვია სასწავლებლად და გიზოც ეუფლებოდა ჩხიკვების, მგლების, არწივების, ტურებისა და ჯუჯების იმ დროისთვის პოპულარულ სიმღერებს ჟანრიდან Zoo Lounge. მერე ომები დაიწყო და ფაუნის რეპერტუარის არც დრო ქონდა ვინმეს და არც ნერვები. გიზოს მუსიკალური გეზიც შეიცვალა: შემდეგი წლები შავლეგის შავ ჩოხას სისხლში ახამებდა, ციდან დავითის გადმოხედვას, მე–9 ბლოკის ჩართვასა და სიგუას ნამცხვრებს ელოდა გაზქურასთან მუშტმოღერებული. წვალებას უქმად არ ჩაუვლია და წარმატებამაც არ დააყოვნა. მუსიკალურ კონკურსზე: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ ლაურეატიც გახდა. საზოგადოებრივმა ფონდმა „ჯაჭვის პერანგმა“ კი პრიზად ნაბადი და ხანჯალი გადასცა, რატომღაც ფარის გარეშე, როგორც სამშობლოს ნორჩ პატრიოტს.

მალე ის „წითელ ბეზრუკავკიანი“ მაესტრო გარდაიცვალა და გიზოსაც გზა აერია. მეორე კურსზე იყო, როცა საეჭვო წარსულის თანაკურსელებისაგან ვინმე ბარი უაითის არსებობა გაიგო ერთ–ერთის წითელ „ნოლ დევიატში“ ჯდომისას. კასეტა შეიძინა და მამამისის საკომისიოში ნაყიდ „შარფის“ მაგნიტოფონზე უსმენდა ხოლმე, ქალბატონი ნანულის მანიკურითაც აწებებდა ხოლმე გაწყვეტილ უაიტს. ალტერნატივაც შესთავაზა კურსელმა დიტომ ჰენდრიქსის, დორსისა და პინკ ფლოიდის სახით, მაგრამ გიზოს წითელბეზრუკავკიანისგან ახსოვდა, რომ ეს ხალხი სატანისტები და ბნელეთის მოციქულები იყვნენ. ამიტომ როკენროლზე უარი თქვა სრულიად საქართველოსთან ერთად, სექსის და ძალადობის პროპაგანდა ედიშერ კენჭაძის ვაჟს როგორ ეკადრებოდა. თანაც დიტოს სახელი ქონდა გატეხილი ინსტიტუტში, „ერთხელ ამერიკაში“–ს ბანდიტურ ესთეტიკას ფორმანის „თმები“ ერჩივნა, გრძელ თმებს და დახეულ ჯინსებს ატარებდა, რის გამოც ყოველ კვირა უბრახუნებდნენ ბარი უაითის ბიჭები ნოლ დევიატიდან, საყურესაც გაიეკეთებს მალეო. ასე გადაურჩა გიზო როკენროლის ფათერაკს, დაჩმორებას და ბარი უაითის სენსიტიური მუსიკის ფონზე, ნოლ დევიატით გაუდგა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას სამშობლოსთან ერთად.

ახლა კი თხოვნა მაქვს, არ დაიზაროთ და წლების მანძილზე უალტერნატივო საქართველოს საუნდტრეკი, ბარი უათის Let The Music Play ჩართოთ, თუ გეზარებათ, მაშინ უბრალოდ ამ არტისტის ხავერდოვანი „სექსი–კრეიზი“ ხმა გაიხსენოთ (რომლის მიბაძვასაც წარუმატებლად ცდილობდა მაჩო გიზო) და მის ფონზე განაგრძოთ კითხვა (აქაა, რომ არ იწვალოთ).

ამას წინათ გიზო ფეისბუქზე „ყველაზე გამოსულების და უსვეცკესების“ ჯგუფში ტუჩებდაბუთქული, ბავშვურად ჯიუტი მაგდა თალაკვაძის ფოტოს გადააწყდა. (მაგდა სამოდელო სახლის „Кремлевским Карликам Не Дадим“–ის მოდელია და ჟურნალისტობას აპირებს) ამ სევდიან პროფილს გიზომ ოდნავ გაუპარსარავი საკუთარი ფოტოც შეაგება, დაუნდობლად იდუმალი გამოხედვით. დღეს გიზო და მაგდა დადიან, დადიან შარდენის სირცხვილის დერეფანშიც, ძალიან ბევრს დადიან, თუმცა სიარულით დაღლილნი ერთად მაინც არ წვანან.

დასაწოლად ამ დაწესებულების (შარდენის) უნარ–ჩვევების ურთულესი ტესტები აქვთ ჩასაბარებელი, რომელიც ასე გამოყურება: ჩაცმადახურვის სტილი (რომელიმე უცხოური „ტაკოი“ ბრენდის ან ქართველი დიზაინერის რაიმე აქსესუარი მაინც); მინიმუმ ორი ან სამი საერთო ნაცნობის აღმოჩენა და გადაკოცნაგამოსული და კაი ტიპებისკოლექციიდან; „ფუ, რა გოიმია“–ს სეგმენტში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება; პოლიტიკური სიმშვიდე, სექსუალური მხნეობა და ფინანსური სილაღე. ასე რომ, როდის დაწვება გაწამებული გიზო მაგდასთან და რას აჩვენებს სიარულით დაღლილი, არავინ იცის.

და ბოლოს, ამჟამად გიზო მუსიკალურ სუპერ ტელე–პროექტ „დაჰკარი დაფდაფებს!“ ფინალისტია, სადაც სწორედ იმ სიმღერას შეასრულებს, ბავშვობაში შარვალჩახდილი რომ უმღეროდა სტუმრებს, როგორც იუბილარი: „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“...განსხვავება მაშტაბებშია, რადგან ამჯერად გიზო თავის ხუჭუჭა „ღირსებას“ უკვე მთელ ქვეყანას დაანახებს. ტელეეკრანებს მიჯაჭვული ჩხიკვები, მგლები, არწივები, ტურები, ჯუჯები, ბარი უაითები, წითელბეზრუკავკიანები, ნოლ დევიატის ბიჭები, ყველაზე გამოსულები და უსვეცკესები, „ფუ, რა გოიმები“, „პავაროტი ენდ ფრენდს“ ყანწის მაგივრად, სმს–ებით ენაცვალებიან კვერცხებში...

p.s. გიზოოოოო!

4 comments:

  1. ბრრრავოოოო!!! უგენიალურესი გამოსვლა იყო ;)))))

    ReplyDelete
  2. ან აქამდე რატომ არ გააკეთე(თუ შექმენი) ბლოგი,შენი გამკვირვებია :–))))

    გიზო :–))))))) მაგარია!

    ReplyDelete
  3. რა მაგარია!
    ჩემს შემთხვევაში ნაცრისფერი "099" იყო :)

    ReplyDelete
  4. giorgi sheudrekeli sofe;i dimiDecember 30, 2010 at 1:17 PM

    kopacicoooooooooooooooo

    ReplyDelete