Thursday, December 9, 2010

წერილი შადეს


ჩემს კომპში უამრავი mp3 მაქვს ფოლდერებში კოხტად ჩაწყობილი, ყველას თავისი ადგილი აქვს მუსიკალური მიმდინარეობის მიხედვით: acid jazz, ambient, blues და ასე ანბანის მიხედვით, ჯგუფები და მუსიკოსები A დან - Z მდე. ზოგიერთი მათგანი მბეზრდება, ზოგს კი დიდ ხანს თუ არ მოვუსმენ, ესე იგი არ მჭირდება და მარტივად ვშლი.


სულ ახლახანს კი ამ გამონთავისუფლებულ სფეისზე ახალი ფოლდერი გავხსენი, დავარქვი „RAGACA“, რადგან ვერც რომელიმე მიმდინარეობას მივაკუთვნე და ვერც განწყობას მოვარგე. მასში ახალი ქართული სიმღერები იყრის თავს, რომელიც დღეს ისეთი ტემპებით იწერება, რომ ფოლდერმა ლამის 1 GB–მდე მიაღწია. მომღერლების სახელსა და გვარებს არ ჩამოვთვლი, მათ არც მე ვიცნობ და სავარაუდოდ არც თქვენ. მთავარი სხვა რამეა. უსმენ ხოლმე და ვხვდები, რომ ამ მასალით მალე მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებ, თუ რა არის ქართული მუსიკალური გენი და მაგარი პოპ სიმღერის შექმნის საიდუმლო ინსტრუქციასაც გავუმხელ, რაზეც წარმოადგენა არა აქვს მაგალითად შადეს. (2010 წლის ალბომის “Soldier Of Love” გამოშვებამდე 8 წელი სიმღერა ვერ ჩაწერა, არსად გამოჩენილა, არავინ მიყვარდაო და შემოქმედებაში ამ გრძნობის გარეშე არაფერი გამომდისო).


ასე რომ, შადეს მეილს გავიგებ და პოპ სიმღერის შექმნის ამ ქართულ ინსტრუქციასაც გავუგზავნი, დროის და ნარვების დასაზოგად.


შადე,


თემის შერჩევისას, აუცილებლად სიყვარულს მიაწექი (რომც არ გიყვარდეს,მაინც) – ჩვენთან მომგებიანია, რეიტინგულია და რაც მთავარია, არ მოითხოვს მანდამაინც დიდ ინტელექტუალურ რესურსს.


სრული წარმატებისათვის, ანუ მობილურ ტელეფონებში რომ ჩაიტვირთოს და ბიჭებმა შეყვარებულებს ფეისზე დაუშეარონ, რაც შეიძლება უიღბლო და სევდიანი უნდა გახადო. (თუმცა, დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ ემღერება იმ ხალხს, ვისაც სიყვარულში ყველაფერი კარგად აქვს, არ იტანჯება, მუხლის თავებსა და ნერვებს არ იგლეჯს, ცრემლსა და სისხლსაც არ ღვრის სიყვარულის გამო. და თუ ემღერება, სად არის ეს სიმღერები? თუ რამე იცი, მომწერე)


უიღბლო სიყვარულს ცოტა იმედის ნაპერწკალი შეურიე და ეროტიკის ელემენტებიც დაუმატე. დამიჯერე, არაა აუცილებელი კარგად გამოიყურებოდე, ვნების აღმძვრელი იყო, ან თუნდაც გემოვნებით იცვამდე. სიმართლე თუ გინდა, სულ ტყუილად წვალობ, რადგან არც ვოკალური მონაცემებია მანდამაინც საჭირო. მთავარია კვნესოდე და ოხრავდე, რადგან ჩვენში პოპულარული სიმღერები, პრინციპში ერთი არშემდგარი ან მონატრებული ორგაზმის პატარა ისტორიებია, ან უარეს შემთხვევაში ორგაზმის იმიტაციის.


და ბოლოს, ყველაზე საიდუმლო ნაწილი ქართული პოპ სიმღერების საოცარი წარმატებისა – სიტყვები და ფრაზები, რომელიც შენს ტექსტებში უნდა გამოიყენო:


გზა (გრძელი), რომელიც შეგიძლია ნისლით დაფარო;


უნდა წვიმდეს (სასტიკად თან) და გუბეებს აყენებდეს, რომელთაც ალეგორიულად ცრემლის გუბეებად აქცევ;


ლოდინი (გაუთავებელი და მტანჯველი);


უნდა გენატრებოდეს, მაგალითად სატრფოს ხმა (ხმა მინავლებული, ნაზი, არავითარ შემთხვევაში ბობოქარი და მხიარული, რადგან არა აქვს კარგად ყოფნის უფლება);


ზღაპარი (კეთილი, ბოლო–ბოლო ლამაზი);


ქარი მავიწყდებოდა – ის მთლად შეკრავს ავდარს შენს სულსა და გულში;


მისი ვიქნები (ვინც გიმღერებს, ვისაც „ჩიჩვი“ იგივე ვალუტა აქვს, ან ვინც შენს გვერდითაა და მაინც გენატრება)


დანარჩენი კი ტექნიკის და შენი კავშირების საქმეა. გისურვებ წარმატებას. მომწერე, თუ რაიმე გაუგებარია.

1 comment:

  1. წააკითხეთ ეს პოსტი ქართველ "მომღერლებს" და მიწებს აღარ დავკარგავთ :))))) (ნუუუ, ომები ისედაც იქნება, მაგას ჩვენ ვერ აღვუდებით წინ :l)

    ReplyDelete