Monday, January 10, 2011

საახალწლო ფიქრები

მარადონა. ამ ზაფხულს რიხარდ ვაგნერის თერთმეტმა გერმანელმა შთამომავალმა მეორედ მოსვლის პრეზენტაციას დაასწრო სრულიად არგენტინა და თეთრ–ცისფერებში გამოწყობილი მსოფლიო საფეხბურთო სამყარო. ვაგნერის ბიჭები ზუსტად ისე გაუსწორდნენ ტანგოს მოცეკვავეებს, როგორც კოპოლას „აპოკალიფსში“ აპაჩებზე შემომჯდარი ამერიკელები - ვიეტ–კონგელებს, „ვალკირიას“ ფონზე. ქართული ფეხბურთის წყალობით კი ქართველმა გოგონებმა და ბიჭუნებმა ტრადიციულ სასაცილო სიტუაციაში ჩავიგდეთ თავი - ფან-კლუბები შევქმენით (ალჟირის სახელმწიფო დროშებიც აფრიალდა სიმპათიის ნიშნად), სხვისი გამარჯვებებით ამოვივსეთ სიხარულის დეფიციტი და სხვისივე მარცხზე უკვე მერამდენედ მაგრად ვინერვიულეთ. ასეთი სასაცილო „არგენტინელი“ ტიპი ვარ მეც და დიეგოს თავის მოჭრა ვერ ვაპატიე. გაბრაზებულს დიდხანს მემახსოვრება მისი უცნაური კოსტუმი, ლიონელ მესის უემოციო შუშის თვალები, გაფითრებული დათო ტურაშვილი, ფერზე მოსული ფრაუ მერკელი და გერმანული „Tschüß Maradona!“.



გადამდგარი დიეგო კი ახლა კარდაკარ დაიარება და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობას ლამობს (განსაკუთრებით ირანის დირექტორს - აჰმადინეჯადსაა შეჩენილი თურმე). სანამ ვიღაც კიდევ დაუღუპავს, ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, ისევ ლიტერატურულ მოღვაწეობას დაბრუნებოდეს, გაეგრძელებინოს მემუარების წერა (რაც უკეთ გამოდის) და შესაბამისად - ტურიკასთან ნაყოფიერი მთარგმნელობითი თანამშრომლობა.

თალიბები გუანტანამოდან. წელს ისინი საქართველოში ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობის წყალობით აღმოჩნდნენ. სად და რა კულტურული პროგრამით ცხოვრობენ - წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ „როგორც საკუთარ სახლში“ თავს რომ ვერ გრძნობენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამ ხალხის წარსულისა და პროფესიული უნარ–ჩვევების“ გათვალისწინებით, ნუგეშის სახით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახალი წლის დადგომისას ჩვენთან ჩინური პიროტექნიკის ისეთი ბათქა–ბუთქი ატყდება, მათ დარტყმულ კუმირს – ბინ ლადენსაც არ დასიზმრებია. ასე რომ, თავს „როგორც საკუთარ სახლში“ ნამდვილად იგრძნობენ 31 დეკემბრის 23:30 წუთიდან, ასე იანვრის ბოლომდე. სადღაც წავიკითხე, გუანტანამოში ყოფნისას მაღალ ხმაზე, განუწყვეტლივ ასმენინებდნენ თურმე Rammsteinისა და Sepultura-ს სიმღერებს, ფსიქოლოგიურად რომ გაეტეხათ დაკითხვებისას. ასეთი განსაცდელის გადატანის მიუხედავად, ვურჩევდი - არ გაეკარონ ქართული ტელევიზიების ზოგიერთ საახალწლო კონცერტს (განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი ნომრები). რადგან ისე დაწყდებათ გული, შესაძლოა საკუთარ თავზე რვაფეხა პაულის უდროო გარდაცვალებაც კი აიღონ (რომლის ჰოლანდიელი ნათესავები სხვათაშორის ესპანეთს თხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს).

გლობალური დათბობა. ამ ზაფხულს მართლაც საშინლად ცხელოდა. გლობალურმა დათბობამ გადაწვა რუსეთი, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, გრენლანდია გაიბზარა, „ზიმა-ლეტას“ გაყიდვით აშენდნენ მაღაზიები, პაკისტანი კი წყალმა წაიღო. წყალზე გამახსენდა, ქუთაისში 2 ათწლეულია წყლით მომარაგების პრობლემაა მოუგვარეველი. ხალხს ვერ ეშველა, მითუმეტეს ქუთათური ჭადრებისათვის აბა ვინ მოიცლიდა და ისინიც თურმე, მთელი ზაფხული ძაღლებს იქეთ დასდევდნენ, „მოგვაფ.... გეხვეწებითო!“.

პატივცემული ჟიური. მუსიკალური, ლიტერატურული თუ სხვა მრავალი სახეობის კონკურსი თანამედროვე ქართული ცივილიზაციის ფუფუნებაა. ჟიურის წევრებს კი წელსაც ისეთი „შედევრების“ წაკითხვა, მოსმენა ან ნახვა მოუხდათ – საახალწლოდ ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე, რომ არ უსურვო კაცმა - დაბადებით სადისტი უნდა იყო ან ცივსისხლიანი ჰანიბალ ლექტერი „კრავთა დუმილიდან“.

მივულოცავ შობა-ახალ წელს და მოკრძალებით ვთხოვდი - უფრო მეტ ყურადღებას ნიჭიერების შეფასებისას, რადგან ცხოვრობდა ერთი ულვაშიანი ახალგაზრდა გასულ საუკუნეში, ნახატები დაუწუნეს და მერე ისეთი ჩაატარა...კი გვახსოვს, ყველას.

ევროპელი დამკვირვებელი. გარე დაკვირვების კამერა მიცკევიჩისა და პეკინის კვეთაზე სადაური წარმოებისაა არ ვიცი, ევროკავშირიდან სავარაუდოდ. მშობლიურ მხარეს მოწყვეტილს ჩვენი კულტურის ისეთი მარგალიტები აქვს უკვე ნანახი და განცდილი, გაკვირვებული კამერა უფროა, ვიდრე დაკვირვების: როგორ დასდევენ გემებივით ჯიპები ფეხითმოსიარულეებს (თითქოს განზრახ გასასრესად), როგორ იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს თბილისელი ძაღლები და მათი პატრონები ქუჩაშივე, ფანტელებივით როგორ ცვივა ფანჯრებიდან თამბაქოს ნამწვავები, როგორ აგინებენ რატომღაც მარტო საკუთარ დედებს მოქალაქენი დღეში 20 ჯერ...და სხვა მრავალი სცენა კინოფილმიდან „ხერხი“ (აგერ Live). ჭირსა შიგან გამაგრებას ვუსურვებ, რადგან მომავალ წელსაც არა მგონია, რამე შეიცვალოს. თუმცა, ღილებში ჩამონტაჟებული აქაური კოლეგებისგან განსხვავებით საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვს. ჩათვალოს, რომ პომპიდუს ცენტრშია მივლინებაში.

და ბოლოს, ვსარგებლობ საშუალებით და დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ: ყველა ფარმვილელს, დათაგულს, მიპოუკებულს, შელაიქებულს, დაშეარებულს; სარკოზისთან ღირსეულად დამარცხებულ ფრანგულ პროფკავშირებს; ქართული მუსიკალური ჯგუფების მუსიკოსებს (მათ ვგულისხმობ - სცენაზე რომ უფრო მეტნი არიან ხოლმე, ვიდრე ხალხით სავსე დარბაზში); ვაცლავ ჰაველის პერანგების მრეცხავს პანი აუშკოვას; ბანკების კრედიტ-ოფიცრებსა და მათ კოლეგებს პრობლემური ვალების განყოფილებიდან; შარდენის ბარის მფლობელებსა და „ზე-სვეცკი“ საღამოებით ჩაძაბულ კომპლექსიან დაცვის თანამშრომლებს; იმ ხალხს – „ნეშენელ ჯეოგრაფიკს“, „დისქავერსა“ და „ენიმალ პლანეტს“ რომ უყურებს მარტო და მერე საჯაროდ დეკლარირებს საკუთარ განსხვავებულობას; ჯეიკობ ზუმას, მის 8 ცოლსა და 18 შვილს; ჩილეში გადარჩენილ 33 მეშახტეს; ვუვუზელათი დაყრუებულებს; ცოლებს, რომელთაც ქმრების ქორწინებამდელი რომანტიულობა ჯიუტად ენატრებათ; იმ ხალხს, ვისაც სელინჯერის გარდაცვალებამ ჰოლდენ კოლფილფის ამბავი გადააკითხა; ბასა ჯანიკაშვილს და მის ტექსტებზე კუშნერივით შეშფოთებულ გოგოებს; დილის გადაცემის წამყვანს ნინა იგივე „წიწი“ მიქაძეს, რომელიც პირველმა არხმა და ფინანსურმა კრიზისმა ფიზიკურად ისე დაასუსტა – „ბოვშმა ტყვილზე რო დეიფიცოს“, შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან.





Wednesday, December 22, 2010

გიზო კენჭაძე, ბარი უაითი და კვერცხები

ალბათ, თქვენთვის ბევრჯერ უკითხავთ, თუ რა მუსიკას უსმენთ, თქვენც რა თქმა უნდა დაინტერესებულხართ სხვისი გემოვნებით. ბევრს ეს კითხვა უაზროდ მოჩვენებია („მცდის! ჩემზე მაგარ ტიპობას დაამტკიცებს, თუ მისი საყვარელი მომღერალი ან ჯგუფი არ დავასახელე!“ ორმხრივი კომპლექსები და სნობიზმი მოკლედ), შესაბამისად პასუხიც იდიოტურად მიგიჩნევიათ ხოლმე, მაგალითად ასეთი: „რაც მსიამოვნებს იმას!“. ვერ შეედავები, იურა შატუნოვის ან ჯვარი აქაურობას და კობზონის სიმღერებიც რომ სიამოვნებდეს. გემოვნება, ხომ ინდივიდუალურია.

თუმცა, ბევრისთვის ასეთი ინტერესი გულწრფელია და კითხვაზე პასუხიც მნიშვნელოვანი შემდგომი ურთიერთობისათვის, რადგან თვლიან, რომ საყვარელი ფილმით, ლიტერატურით, მუსიკით ადამიანის მსოფლმხედვეობაზე და შინაგან სამყაროზე შესაძლებელია გარკველი წარმოდგენის შექმნა. მეც ასე ვფიქრობ და ზოგჯერ კითხვაც გამჩენია: სოფია როტარუსა ან რიკი მარტინის სიმღერებს რა ასმენინებს? რამე ბიოგრაფიული გარემოებები, ინფორმაციული დეფიციტია ამის ბრალი, განათლება, გემოვნება თუ ბავშვობის ტრამვები? და ჩემი კომპეტენტურობის ფარგლებში პასუხებიც გამიცია, ჩემი თაობის კაცის – გიზო კენჭაძის ამბავის წყალობით, რომელშიც ყველა პერსონაჟი გამოგონილია, ნებისმიერი მსგავსება რეალურ პიროვნებასთან კიდევ არაა შემთხვევითი.

გიზო კენჭაზე პირველად მუსიკას დედის იავნანას წყალობით ეზიარა. დაახლოებით იმ ასაკში, როცა დათვის ბეწვზე თვეებისას შიშველს წამოაწვენდნენ „მარკ რივკინის“ სათვალეებით და ისე იღებდნენ ვაჟკაცის შავ–თეთრ ფოტოებს. ამიტომ, მას არც იავნანას ქალბატონ ნანულისეული ჰიპ–ჰოპ ვერსია ახსოვს და არც მისი შესრულების ხარისხი.

სამაგიეროდ გიზოს მეხსიერებამ მისი ერთ–ერთი დაბადების დღის მოგონება შემოინახა. 5 წლის გახდა და კენჭაძეებმაც 2 ოთახიან „ხრუშჩოვკაში“ დიდებული სუფრა გაშალეს. მისი დღეგრძელობა ყანწით რომ დააპირა, მამამ ბატონმა ედიშერმა უხმო იუბილარსაც, რომელიც გვერდით ოჯახში თანატოლებთან ერთად მაგრად ერთობოდა. მოუსვენარი, ცელქი და ცოცხალი ბავშვი იყო მუხლებზე „ზელიონკებით“, მაგრამ მამის ნებას წინ ვერ აღუდგა და მისივე მოთხოვნით აჩვენა სუფრის წევრებს კუტუ.

აი, რა ვაჟკაცი მეზრდებაო, დასჭექა ბატონმა ედიშერმა და მისი სადღეგრძელოც ბოლო წვეთამდე დაილია, „შენ გენაცვალე კვერცხებში!“–ს შეძახილებით. დედამაც სცადა თავის გამოჩენა, ონავრის მუსიკალური მონაცემებით დაიკვეხნა, “ჩოლკა” გაუსწორა და სკამზე შემომდგარს „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“ ამღერა.


კენჭაძეებში ქეიფს არაფერი ჯობდა და ამიტომაც ამ ლხინს არც ერთი მეტად პოპულარული, შემდგარი მომღერალი მამაკაცი გამოაკლდა. აი ისეთი, წითელი „ბეზრუკავკებით“ სამშობლოზე რომ მღეროდა ხოლმე ვახტანგ გორგასლის ძეგლის ფონზე. საკუთარ სტუდია „ჯეჯილში“ მიიწვია სასწავლებლად და გიზოც ეუფლებოდა ჩხიკვების, მგლების, არწივების, ტურებისა და ჯუჯების იმ დროისთვის პოპულარულ სიმღერებს ჟანრიდან Zoo Lounge. მერე ომები დაიწყო და ფაუნის რეპერტუარის არც დრო ქონდა ვინმეს და არც ნერვები. გიზოს მუსიკალური გეზიც შეიცვალა: შემდეგი წლები შავლეგის შავ ჩოხას სისხლში ახამებდა, ციდან დავითის გადმოხედვას, მე–9 ბლოკის ჩართვასა და სიგუას ნამცხვრებს ელოდა გაზქურასთან მუშტმოღერებული. წვალებას უქმად არ ჩაუვლია და წარმატებამაც არ დააყოვნა. მუსიკალურ კონკურსზე: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ ლაურეატიც გახდა. საზოგადოებრივმა ფონდმა „ჯაჭვის პერანგმა“ კი პრიზად ნაბადი და ხანჯალი გადასცა, რატომღაც ფარის გარეშე, როგორც სამშობლოს ნორჩ პატრიოტს.

მალე ის „წითელ ბეზრუკავკიანი“ მაესტრო გარდაიცვალა და გიზოსაც გზა აერია. მეორე კურსზე იყო, როცა საეჭვო წარსულის თანაკურსელებისაგან ვინმე ბარი უაითის არსებობა გაიგო ერთ–ერთის წითელ „ნოლ დევიატში“ ჯდომისას. კასეტა შეიძინა და მამამისის საკომისიოში ნაყიდ „შარფის“ მაგნიტოფონზე უსმენდა ხოლმე, ქალბატონი ნანულის მანიკურითაც აწებებდა ხოლმე გაწყვეტილ უაიტს. ალტერნატივაც შესთავაზა კურსელმა დიტომ ჰენდრიქსის, დორსისა და პინკ ფლოიდის სახით, მაგრამ გიზოს წითელბეზრუკავკიანისგან ახსოვდა, რომ ეს ხალხი სატანისტები და ბნელეთის მოციქულები იყვნენ. ამიტომ როკენროლზე უარი თქვა სრულიად საქართველოსთან ერთად, სექსის და ძალადობის პროპაგანდა ედიშერ კენჭაძის ვაჟს როგორ ეკადრებოდა. თანაც დიტოს სახელი ქონდა გატეხილი ინსტიტუტში, „ერთხელ ამერიკაში“–ს ბანდიტურ ესთეტიკას ფორმანის „თმები“ ერჩივნა, გრძელ თმებს და დახეულ ჯინსებს ატარებდა, რის გამოც ყოველ კვირა უბრახუნებდნენ ბარი უაითის ბიჭები ნოლ დევიატიდან, საყურესაც გაიეკეთებს მალეო. ასე გადაურჩა გიზო როკენროლის ფათერაკს, დაჩმორებას და ბარი უაითის სენსიტიური მუსიკის ფონზე, ნოლ დევიატით გაუდგა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას სამშობლოსთან ერთად.

ახლა კი თხოვნა მაქვს, არ დაიზაროთ და წლების მანძილზე უალტერნატივო საქართველოს საუნდტრეკი, ბარი უათის Let The Music Play ჩართოთ, თუ გეზარებათ, მაშინ უბრალოდ ამ არტისტის ხავერდოვანი „სექსი–კრეიზი“ ხმა გაიხსენოთ (რომლის მიბაძვასაც წარუმატებლად ცდილობდა მაჩო გიზო) და მის ფონზე განაგრძოთ კითხვა (აქაა, რომ არ იწვალოთ).

ამას წინათ გიზო ფეისბუქზე „ყველაზე გამოსულების და უსვეცკესების“ ჯგუფში ტუჩებდაბუთქული, ბავშვურად ჯიუტი მაგდა თალაკვაძის ფოტოს გადააწყდა. (მაგდა სამოდელო სახლის „Кремлевским Карликам Не Дадим“–ის მოდელია და ჟურნალისტობას აპირებს) ამ სევდიან პროფილს გიზომ ოდნავ გაუპარსარავი საკუთარი ფოტოც შეაგება, დაუნდობლად იდუმალი გამოხედვით. დღეს გიზო და მაგდა დადიან, დადიან შარდენის სირცხვილის დერეფანშიც, ძალიან ბევრს დადიან, თუმცა სიარულით დაღლილნი ერთად მაინც არ წვანან.

დასაწოლად ამ დაწესებულების (შარდენის) უნარ–ჩვევების ურთულესი ტესტები აქვთ ჩასაბარებელი, რომელიც ასე გამოყურება: ჩაცმადახურვის სტილი (რომელიმე უცხოური „ტაკოი“ ბრენდის ან ქართველი დიზაინერის რაიმე აქსესუარი მაინც); მინიმუმ ორი ან სამი საერთო ნაცნობის აღმოჩენა და გადაკოცნაგამოსული და კაი ტიპებისკოლექციიდან; „ფუ, რა გოიმია“–ს სეგმენტში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება; პოლიტიკური სიმშვიდე, სექსუალური მხნეობა და ფინანსური სილაღე. ასე რომ, როდის დაწვება გაწამებული გიზო მაგდასთან და რას აჩვენებს სიარულით დაღლილი, არავინ იცის.

და ბოლოს, ამჟამად გიზო მუსიკალურ სუპერ ტელე–პროექტ „დაჰკარი დაფდაფებს!“ ფინალისტია, სადაც სწორედ იმ სიმღერას შეასრულებს, ბავშვობაში შარვალჩახდილი რომ უმღეროდა სტუმრებს, როგორც იუბილარი: „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“...განსხვავება მაშტაბებშია, რადგან ამჯერად გიზო თავის ხუჭუჭა „ღირსებას“ უკვე მთელ ქვეყანას დაანახებს. ტელეეკრანებს მიჯაჭვული ჩხიკვები, მგლები, არწივები, ტურები, ჯუჯები, ბარი უაითები, წითელბეზრუკავკიანები, ნოლ დევიატის ბიჭები, ყველაზე გამოსულები და უსვეცკესები, „ფუ, რა გოიმები“, „პავაროტი ენდ ფრენდს“ ყანწის მაგივრად, სმს–ებით ენაცვალებიან კვერცხებში...

p.s. გიზოოოოო!

Friday, December 10, 2010

No Land For Young Man


იმ წელს, როცა ზიზუმ მატერაცი დამსახურებულად გააგორა მოედანზე, მეუღლესთან ერთად (შემდგომშილიკა“) ბავარიის პატარა კურორტზე აღმოვჩნდი, რომელსაც გარმიშპარტენკირხენი ქვია და მიუნხენის სამხრეთით მდებარეობს, ალპურ ზონაში. (სასწავლებლად გამაგზავნეს, მაგრამ ეს პერიოდი თაფლობის თვეს დაემთხვა ამიტომ მე მაპატიეთ და წიგნებისთვის ნამდვილად არ მეცალა).


ქალაქის სახელის (გარმიშპარტენკირხენ) გამართულად გამოთქმა რამდენიმე დღის წვალების შემდეგ მაინც მოვახერხე, მაგრამ თუ კლასიკას დავესესხები:


პასუხის მიღება გაჭირდა, რადგან ამ თემაზე საუბარს გასაკვირად სტუმართმოყვარე და ზრდილობიანი ადგილობრივები თავს ოსტატურად არიდებდნენ. აღმოჩნდა, რომ ოცდაათიან წლებში აქ ორი ქალაქი არსებობდაგარმიში და პარტენკირხენი, რომელთა შორის დაპირისპირება სუპერბავარიულობის ტიტულის მოსაპოვებლად ათწლეულები გრძელდებოდა. 1936 წელს კი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის გამოვლენისათვის შეტაკებებიც კი მოხდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შუღლს წერტილი ჯვარი აქაურობას და ადოლფ ჰიტლერმა დაუსვა, ეს ორი ქალაქი გააერთიანა და ოლიმპიადაც დიდებულად ჩატარდა. სწორედ ამ დაწუნებული მხატვრის გამო არ უყვართ იმ პერიოდის გახსენება, როცა მოტყუვდნენ და მათ მშვიდ ქალაქშიც მიიღეს "უკეთესი მომავლის სახელით" მოსული სიძულვილი.


Bob Fosse - Cabaret (1972)


ადგილობრივები (30 ათასამე მოსახლე) მთის ხალხის მსგავსად ამაყები არიან, თუმცა კავკასიური სიფიცხე ნამდვილად არ ახასიათებთ, ევროპულადშესაშფოთებელიცპრინციპში არაფერი აქვთ. დღემდე ამაყობენ იმით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, არც რუს და არც ამერიკელ ჯარისკაცს ფეხი არ შემოუდგამს მათ სუპერბავარიულ მიწაზე. ნებისმიერი დაგიდასტურებთ, რომ ჯინსები სწორედ მათ მოიგონეს, ინდიგოს ფერი შარვლები ჯერ კიდევ ძველ ბავარიელებს ეცვათ და აქაურმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს ამერიკაში. თავს იწონებენ ალპური ედელვაისით, ზამთაზაფხულ დათოვლილი მყინვარითცუგშპიცე“ (2962 მეტრი), რომელიც გერმანიაში ყველაზე მაღალი წერტილია და რა თქმა უნდა ალპური კრიმანჭულით, იგივე „იოდლით“


იშვიათად მინახავს ასეთი ბუნება, ჩამისუნთქვავს ასეთი ჰაერი (თამბაქოს მოწევაც მერიდებოდა ხოლმე), მოვლილი ტყეები და მდინარეები. დათო ტურაშვილის არ იყოს, ბალახი ქონდათ ისეთი ლამისაა შემეჭამა, მაგრამ ბავარიულ ბალახს ქართველი პირუტყვისგან ფიზიკურად და მზერით განსხვავებული გლამურული გარეგნობის გერმანელი ძროხები შეექცეოდნენ.


მიუხედავად ამ ეკოლოგიური სიამოვნებისა, გამიჩნდა დისკომფორტი და მაწუხებდა აზრი, რომ რაღაც მაინც არ იყო წესრიგში. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ აქ ახალგაზრდები ცოტანი ცხოვრობენ. სამაგიეროდ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადაეყრები მომღიმარ, გარუჯულ, ბედნიერ გერმანელ მოხუცს ველოსიპედით, ან ძაღლით (პატრონს რომ გვანან ხოლმე), ან ტყეღრეში სასიარულო აღჭურვილობით ან კიდევ პორშეს, ბეემვესა და იაგუარის ისეთი მოდელებით, ჯეიმს ბონდსაც არ დასიზმრებია. მარტივად რომ ვთქვა, ეს ის სამოთხეა, სადაც უმდიდრესი გერმანელი პენსიონერები ცხოვრების უკანასკნელ ლამაზ წლებს ატარებენ.


რამოდენიმე ტბიდან ლიკამრიზერზიამოიჩემა და როგორცშესტოელმაგერმანისტმა იქაურ მოხუცებისგან მარტივად მოახერხა ნაცნობების წრის შექმნა. „გეორგიენისგაგონებაზე, ორი რამ ახსენდებოდათ მარტო ჩვენს სამშობლოზე: სტალინი და ის, რომ ქვეყანას ეკონომიურად უჭირს. ლიკამ მშვენივრად იცოდა, რომ მხოლოდ სოციალური თემით შეიძლებოდა შელახული ღირსების აღდგენა. ამიტომ იმას ახსენებდა, რომ მათგან განსხვავებით ქართველების უმეტესობას პრივატიზირებული საკუთარი სახლები აქვს და ქუჩებში ძვირადღირებული (მართალია წვალებით და კრედიტებით შეძენილი) ემებივით ჯიპებით გადაადგილდებიან.




ასეთ არგუმენტებს გარმიშელები ვერაფერს უპირისპირებდნენ და უკმაყოფილოდ ჩუმდებოდნენ. ხოდა, ასე იწვა და იბრძოდა საათობით გარმიშის მზეზე ჩემი თეთრი მეუღლე, დაჩირებულ გარუჯულ მოხუცებს შორის, სადაც ჩემი სემინარების დასრულებას ელოდა, ბურჟუა გერმანელი პენსიონერები კი დამსახურებულ სიკვდილს.




გარმიში სულიერი სიმშვიდისა და ნერვებმომშლელი სიჩუმის ქალაქია. წესრიგი ზოგჯერ ისეთი გამაღიზიანებელი ხდებოდა ხოლმე, რომ ხელოვნურად გიჩდებოდა სურვილი, რამეზე ნერვები მოგეშალა და ხმაური აგეტეხა. ადგილობრივი პოლიციაც დიდი ხანია უსაქმურობით იტანჯებოდა, 90 იანების მიწურულს საგზაო შემთხვევის ფაქტზე იმუშავეს, ბოლოს კი მათ არსებობას აზრი ჩვენ მივეცით. სახლში ვბრუნდებოდით

ველოსიპედით, ლიკა ამ მშვენიერი ტრანსპორტის უკანა სპეციალურ სავარძელზე იჯდა, რისთვისაც პოლიციის მანქანა დაგვედევნა და გეგონებოდა ბინლადენი დააკავეს, სერიოზული სახეებით გამოგვიწერეს სოლიდური ჯარიმა. საშინელი დარღვევა ყოფილა.



არა, ერთელ კიდევ ინერვიულეს. ავსტრიის მხრიდან გზააბნეულმა მშიერმა დათვმა დაუფრთხო სიმშვიდე, ცხვრებსა და ძროხებს ესხმოდა თავს, ნაყრდებოდა და ისევ თავის სამშობლოში ბრუნდებოდა. მეორე მსოფლიო ომის მერე ასეთი სტრესი მგონი არც განუცდიათ. მთელი გარმიში ფეხზე დადგა, 8 საათის მერე სახლებიდან არ გამოდიოდნენ, ზოგიერთი ოჯახიანად გაიხიზნა კიდეც, სანამ საქმეში დაქირავებული ფინელი მონადირეები და ბუნდესვერის მამაცი ჯარისკაცები არ ჩართეს. მიუხედავად, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების პროტესტისა, ავსტრიელი დათვი (რომელსაცბრუნოდაარქვეს) მაინც გააგორეს, რის შესახებაც ამაყად მიაწოდა ინფორმაცია სრულიად დოიჩლანდსუსაქმურმაპოლიციის უფროსმა ტელევიზიით.


ეს რამდენიმე მოკლე ამბავია, რაც ამ ულამაზესი, უცნაური კურორტის და მისი ბედნიერი, კეთილი მოსახლეობის შესახებ გამახსენდა. სულაც არაა საჭირო დაბერება და სიკვდილის პირას მისვლა, რომ იქ ჩახვიდე. ამიტომ ვუსურვებდი ყველას იქ მოხვედრას სეზონის მიუხედავად, რათა ერთხელ მაინც ჯეროვანი პატივი ვცეთ ჩვენს დაკაწრულ ნერვებსა და სტრესებით მიბრეცილ ადამიანობას.