Monday, December 12, 2011

ვისი სული გსურს


გამოგიტყდებით, რომ ცნობილ ტელეწამყვან სოფიკო შარიქაძესთან ინტერვიუ ბოლო თვეების აუხდენელ ოცნებად მექცა. მოუცლელობის გამო, ჩემთან შეხვედრას ვერა და ვერ ახერხებდა. თუმცა, აგვისტოს ერთ ცხელ დღეს გამიმართლა - შემთხვევით ანაკლიის პლაჟზე გადავეყარე. მართალია, ძალიან ვღელავდი, მაგრამ იმდენად უშუალო და კეთილგანწყობილი იყო, დაძაბულობა მომეხსნა და ასე ნანატრი გასაუბრებაც შედგა.








.. - სოფიკო, მედიაში როგორ მოხვდი?


. - იცით? კოკობზიკა ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ. ჟურნალისტი რომ გავხდებოდი, თავიდანვე ვიცოდი. როცა ჩემი თანატოლი გოგონები ეზოშიკაზაკი-რაზბოინიკისათუჟოპა-სტენკასთამაშობდნენ, ან კიდევ, სარკის წინ მშობლისმაღალქუსლიანებითკეკლუცობდნენ, მე ტელეწამყვანობაზე ვოცნებობდი. დედისბიგუდьებსმიკროფონად ვიყენებდი და ასე ვესაუბრებოდი სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს (იცინის).


.. - რა საინტერესოა?! ვინ იყვნენ შენი რესპოდენტები?


. - ოთხმოცდათიანი წლები იყო...ხომ გახსოვს, ქვეყანაში რეებიც ხდებოდა? ჰოდა, ძირითადად პოლიტიკურ თემებზე ვაკეთებდი გადაცემებს... ვინ არ მყოლია - ედუარდ შევარდნაძით დაწყებული, სიგუას ნამცხვრებით დამთავრებული (“ამ გახსენებაზეჩანთიდანხლებციამოაძვრინა, ჩაკვნიტა და მეც შემომთავაზა).


.. - რომელ რესპოდენტს გამოყოფდი?


. - მკითხველი რომ არ დავაბნიო, განვმარტავ, რომ მაშინ რესპოდენტების როლს საყვარელ სათამაშოებს ვარგებდი. მაგალითად, თბილისის კომენდანტი გელა - “პლიუშისდათუნია - დიდი უჟმური ვინმე გახლდათ, სიტყვას ვერ დააცდენინებდი. აი, რობოტი აჩი კი - საოცნებო მოსაუბრე იყო, ყოველთვის ექსტრავაგანტულად იცვამდა და სიმღერებითაც აგვირგვინებდა ხოლმე გადაცემებს. , რა კაი დრო იყო? მიყვარდა ისინი და გულშიც ვიხუტებდი ჩემსპლიუშისსათამაშოებს... სხვათაშორის, ეს ჩვევა დღემდე მაქვს, ზოგჯერ თავს ვერ ვთოკავ და გადაცემებში რამდენიმე სტუმარს გადავხვევივარ კიდეც.


.. - ვიცი, მახსოვს...დიდ მსახიობსა და მგოსანს ბატონ დევი მახარობლაძეს...


. - დიახ, ბატონმა დევიმ მაშინ ლექსი მომიძღვნა: “ფიქრი, სევდა და ცრემლები, სულში ტკივილის ფესვები, ღამე, მთვარე და მითები, გულში წყვეტილი რითმები, მგონი დარდისგან ვგიჟდები, უხ, როგორ გენაცვალები!“ ემოცია ვერ მოვთოკე და ჩავეხუტე... მერე დიდხანს ჭორაობდნენ, რომანი აქვთო (უჩვეულოდ წითლდება, ასეთი წითელი არასოდეს მინახავს).


.. - ბატონ დევის ეს კაფიაც უყვარდა: “თავზე დავიმხობ ბერმუდებს, იქ რა გამოლევს გოგოებს...“


. - დიახ, უყვარდა სუსტი სქესი, გულიანი მამაკაცი იყო, მიუხედავად ამისა, სულ არ გამკვირვებია, სწორედ გულმა რომ უმტყუნა. უზღვავ ენერგიას გასაქანი ვერ მისცა და საგურამოს აგარაკის აუზში იპოვნეს მოტივტივე.


.. - ვინაიდან რომანი ვახსენეთ, არ შემიძლია არ გკითხო. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? ამბობენ სიყვარულის ობიექტი ჰყავსო, მაგრამ გულმოდგინედ მალავსო...


. - უი, არა! დედას ვფიცავარ, არავინ მყავს...მართლა არა! დასამალი არაფერი მაქვს...თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გული თავისუფალია. გაგეცინებათ და, ოცნების პრინცს დღემდე ველოდები.


.. - როგორია იგი?


. - აი, წარმოიდგინეთ ზღვის სანაპირო... ულამაზესი დაისი... რამე ლათინური მელანქოლიური მუსიკა ჟღერს... მე თეთრი, ჰაეროვანი, მაქმანებიანი კაბა მაცვია. შიშველი ფეხებით ვეთამაშები აქაფებულ ტალღებს... ამ დროს კი, უცხო მამაკაცი მოაგელვებს შლეგად ქცეულ თეთრ ცხენს... მას ეპოლეტებიანი კამზოლი აცვია, გრძელ თმას კი ქარი უწეწავს... ერთმანეთისკენ გავრბივართ და ვნება მწველ კოცნაში გადაიზრდება... ოღონდ ეს ყველაფერი შენელებული კადრებით წარმოიდგინეთ... მოკლედ, პრინცში - განათლებულ, კარგი ხასიათის, სტაბილური ფსიქიკისა თუ შემოსავლების, ზომიერად სიმპათიურ მამაკაცს ვგულისხმობ, რომელიც არც მოდას ჩამორჩება და არც ძირძველ ქართულ ტრადიციებს უღალატებს...


.. - ძალიან რომატიკული ხართ. ცრემლები და სუსტი ქალის ამპლუა, მხოლოდ სატელევიზიო იმიჯი არ ყოფილა...


. - დიახ, არ ვთამაშობ... ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ისეთი მამაკაცი, რომელიც თავს სუსტ არსებად მაგრძნობინებს, ჯერ არ გამოჩენილა.


.. - ახალი სეზონიდან რას პირდებით თქვენს ერთგულ მაყურებელს?


. - გადაცემას ახალი სახელი ჰქვია: “ვისი სული გსურს?“


.. - ჰმ...რატომ?


. - მოდი, ექსკლუზიურად გაგანდობთ... მე და ჩემი ჯგუფი იმ აზრამდე მივედით, რომ ფაქტობრივად ყველა ცნობილი ადამიანი გვყავდა სტუდიაში, ამოვწურეთ სათქმელიც და თემებიც. რაღაც სიახლე იყო საჭირო. ამიტომ ტელეკომპანიამ ამერიკელებისგან აპარატი შეიძინა, რომელსაც სულების გამოძახება შეუძლია. ჰოდა, გამოკითხვა ჩავატარეთ, თუ ვისი ხილვა დააინტერესებდა ჩვენს მაყურებელს. სამწუხაროდ, მოწყობილობა ამერიკულია და ზეციური საქართველოს სიხშირეებზე არ მუშაობს. ამიტომ პირველ გადაცემაში მაიკლ ჯექსონსა და ლეიდი დის იხილავთ. გაიგებთ, სინამდვილეში როგორ გარდაიცვალა პოპის მეფე და რას გრძნობდა პრინცესა სიცოცხლის ბოლო წამებში.


.. - რას მეუბნებით? გადაცემა უკვე ჩაწერეთ?


. - დიახ, მშვენიერი გამოვიდა... მაიკლმა იცეკვა კიდეც... მაგრამ ის ნაწილი ამოვჭერით, თავის ცნობილ ილეთს რომ აკეთებს, ხელს რომიქიდებს დაუუუუ“- რომ გაჰკივის...


.. - “იქსად?


. - ვერ ვახსენებ იმ ადგილს...(სირცხვილისგან უკვე ალმური მოედო).


.. - მგონი ვხვდები (მეც გავწითლდი)... ახლა სად არის?


. - კონტრაქტის მიხედვით, უკან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ჩვენთან იმდენად მოეწონა, უარი თქვა უკან მიბრუნებაზე და ახლა მგონი აქვეა სადღაც, ანაკლიაში, ხალხური სიმღერის ფესტივალზე...


.. - პრინცესა დაიანას დოდიც ახლდა?


. - სამწუხაროდ, არ ეცალა...მხოლოდ სატელეფონო ჩართვით შემოვიფარგლეთ... ყველაფერს ნუ დამაფქვევინებთ, დანარჩენს თავად ნახავთ... 2 კვირაში...


.. - სოფიკო, ისე ხომ კარგად ხარ?


. - მშვენივრად, შენ?


.. - მეშინია მე მკვდრის...


. - ნუ გეშინია, იცი რა საყვარლები არიან?.. აი, მაიკლიც...“ტაფჩანსქირაობს...მააააააიკლ! მაააააიკლ! ჩვენთან მოდიიიიი!


- Oh, Sofia! - ეშმაკურად ჩაიქირქილა პოპის მეფემ, თავისი ცნობილი ბრუნიც გააკეთა, ერთი ხელით მესიმინდის ჭილის ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა, მეორე ხელი კი საოხრეზე დაიდო, სოფისკენ მოიშვირა და საფირმო ბიძგიც მიუძღვნა: “უუუუუ!“


- ვაიმეეე, დედააა! - ანაკლიის ლაჟვარდოვანი ცა გაჭრა სოფიკოს კივილმა და შერცხვენილმა ხელები თვალებზე აიფარა.


მე კი სოფიკოს დაბნეულობით ვისარგებლე და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი.

Monday, September 26, 2011

batitasiko@rambler.ru


ირმა სამსახურში დროულად გამოცხადდა. ასაკოვანი, მეგობარი თანამშრომელი ქალბატონები მოიკითხა და ახარა, თქვენი რჩევა გავითვალისწინე - თმა კვერცხის გულით და მაიონეზით დავიბანეო. შემდეგ კი, როგორც პროფესიონალ მდივან-რეფერენტს ეკადრება, დილის ის ტრადიცული რიტუალიც შეასრულა, მერამდენე წელია რომ ატარებდა, მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობით: შეფს (ასე მოიხსენიებდა) კორესპონდენცია დაუხარისხა, პრეზიდენტის მუდმივად გადახრილი ფოტო თვალის თარაზოთი გაასწორა, დამლაგებელი იზო გვარიანად გამოლანძღა - ჩემი ჭიკარტები, რატომ ქრებაო და „ოდნოებში“ შეისეირნა - Вход: batitasiko@rambler.ru; Пароль: bacaco (ბატი ტასიკოსავით გულუბრყვილო და ცაკალელი ვარო). მისი ყველაზე საყვარელი განყოფილება „Мои Гости“ გახლდათ, თორემ ახალი პირადი შეტყობინების მოლოდინი დიდი ხანია დაეკარგა, რესურსის ადმინისტრაციას თუ გაახსენდებოდა ხოლმე, ისიც 8 მარტის ან ახალი წლის მოლოცვებით.


ჰოდა, ირმაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა ვინმე იაგო დამეგობრების მოთხოვნა დახვდა, თავისი შეტყობინებით: სალამი, ირმა! ვირტუალურ მანიაკებზე ბევრი სმენოდა და არამჩატებულმა პასუხის გაცემამდე სიფრთხილე გამოიჩინა - უცხო მამაკაცის ფოტოგალერეას ეწვია. იქ კი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული რაც კი ქართველებს ეკლესია-მონასტერი აუგიათ, თითქმის ყველას მოეყარა თავი. მართალია, შიგადაშიგ გერმანული პისტოლეტების თუ უილიამ უოლოსის ფოტოებიც გამოერეოდა, მაგრამ ირმას თვალში მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ცეცხლსასროლმა იარაღმა და კაბიანმა მელ გიბსონმა ვერაფერი დააკლო. პირიქით, საოცრად გაათამამა, პომადიანი ბიჩოკი“ დაუდევრად მოათავსა საფერფლეში (დიდხანს რომ ბოლავს ხოლმე) და კითხვები მიაყარა: - გამარჯობა იაგო! დაგიმეგობრებ, მორწმუნე ჩანხარ! შენობით რომ გელაპარაკები უხერხული ხომ არაა? როგორ მომაგენი? რას საქმიანობ? შენი ფოტო რატომ არ გიდევს?


იაგო ყოფილი „ოპერმუშაკი“ გახლდათ და პოლიციის რეფორმის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილს, რომან ბაძაღუას პროქტოლოგიის ცენტრში დაეწყო მუშაობა „სექიურითიში“. უცოლო კაცი გახლდათ, ბუასილი აწუხებდა და „ნაშობას“ ეძებდა ოდნოებში, სადაც არავის უტყდებოდა, მოქალაქეთა უკანა ტანის უსაფრთხოებას რომ უზრუნველყოფდა. ირმასაც აპრობირებული, პრესტიჟული მითი შესთავაზა საკუთარი ვინაობის შესახებ - 33 წლის ვეძისელი ექს-მოკრივე, ორსართულიანი სახლით და ხეხილიანი ეზოთი, კურო და ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქის დაცვის უფროსი. სერიოზული კაცი ვარ, სურათს საჯაროდ არ ვდებო და ასეთი შემთხვევებისათვის სპეციალურად შერჩეული ფოტო გადაუგზავნა მეილზე. ფოტოზე კი შავი პერანგი ეცვა, იმავე ფერის, ოდნავ ამობურცული აპლიკაციებით, ნაჭრის სწორი შარვალი და წვეტიანი ლაკის პრიალა ფეხსაცმელები, ცალ ხელში გასაღებების დიდი ასხმა ეპყრა, რომლის ნახევარზე მეტი რისი იყო, თვითონაც არ უწყოდა, მეორე ხელით კი თავის სიამაყეს - შავ ოპელს მიყრდნობოდა, სახელმწიფო ნომრით: ZLO ***.


- ვაიმე...იაგო, რა საინტერესო ადამიანი ჩანხარ? და თან ცოტა იდუმალიც, სულ სხვაგვარი წარმომედგინეJ

- როგორი...დახეული ჯინსებით, ბლანჟით და გრძელთმიანი? პიდარასტი კი არა ვარ...

- არა, ღმერთმა დაგიფაროს მაგისგან...

- პოზავჩერა სუფრაზე მივბერტყე ეგეთი ტიპი, ძლივს გადამირჩა...იმ ჭინკის სადღეგრძელო შევსვი, სულში რომ გვიზის და სასიამოვნო სისულელეებს რომ ჩაგვადენინებს ხოლმე...ჰოდა, უშნოდ იგრიხებოდა და ეცინებოდა...

- ეგრე უნდათ მაგ უჯიშოებს, წალეკეს აქაურობა...ყველაფერთან ერთად რომანტიულიც ყოფილხარ...ფილმი „ბოდიგარდი“ ხომ იცი? კევინ კოსტნერი და უიტნი ჰიუსტონი რომ თამაშობს და გადაეფარება...შეგიძლია, საყვარელი ადამიანის გამო ასეთი სიგიჟე ჩაიდინო? :)


იაგოს „ბოდიგარდი“ ნანახი არ ჰქონდა, მხოლოდ ორი ფილმი უყვარდა გარმორჩეულად, სტალონე რომ მკლავჭიდელია, ქუდს რომ უკან იტრიალებს და არნოლდის „ხიშნიკი“. კუთხეში მიმწყვედულს რაღაც ხომ უნდა ეღონა? ამიტომ, კვლავ ნაცადი სტრატეგია გამოიყენა, ასე გიპასუხებო და პოეზიის ვებ-გვერდიდან ამოწერილი ლექსი „დაუკოპიპასტა“: „ვერ მოვითმენ და დაგედევნები, ვერ დამემალო ცხრა მთას გადაღმა, გულმა მოიბა ხელები დევის, შენს შესაპყრობათ დაძრულა ახლა!“


ირმა მოიხიბლა, უყვარდა პოეზია, პროზა კი უფრო მეტად - პაოლო კოლეიო და ლევ ტოლსტოი (რუსს „ტალსტოი“-ს ეძახდა და ბოლო „ი“-ს მოწყვეტით, მსუბუქად წარმოთქვამდა), ციტატებს იწერდა თავის გულებიან ბლოკნოტში. ჰოდა, იაგომ რომ „ქიცი“ იცოდა ამაში დარწმუნდა, ამიტომ „ქიცმაცურის“ გარკვევაც სცადა - „ოდნოებში“ რა მიზნით ხარ, იმ კაცს არ ჰგავხარ, რუს და უკრაინელ გოგოებს რომ აბავენო...


აქ იაგოს ჩავუშვებ და მის ერთ უცნაურ ახირებას გავამხელ...უზნეო ვებ-გვერდს - Pupsik.ru-ს სტუმრობდა ხშირად. იქ კი კომერციული სექსის მუშაკი გოგოების ტელეფონებს იწერდა, თბილისიდან ურეკავდა, მაგალითად მოსკოვში და როგორც კლიენტი შეხვედრას უნიშნავდა, მერე კი საძმოში იმაზე „ღადაობდა“, აზრზე ხართ, რა გაუჩალიჩე, „სტრელზე“ მივა და იქ მე არ დავხდებიო...ასეთი უცნაური იუმორის გრძნობა ჰქონდა...ჰოდა, როცა ირმა მისი ტემპერამენტით დაინტერესდა, იაგო სწორედ Pupsik.ru-ზე ათვალიერებდა ვიღაც ტატიანას ძუძუებს. ოდნავ შეკრთა, მაგრამ გვერდი დინჯად დააფავორიტა, მერე მივწერო და მალევე გამოაცხო მგზნებარე პატრიოტული აღსარება, თუ როგორ იკადრებდა ოკუპანტებისკენ გახედვასაც კი: - არ ვარ მასეთი...ქალწულებრივ კლდემამოსილებას ვაფასებ, კლდემა კი ქართველ გოგონებს აქვთ მარტო, მათ შორის შენ... J


დიახ, იაგოს ჰქონდა უმნიშვნელო ინტელექტუალური იაღლიშები, მაგალითად ვეგეტარიანელს ვეტერანს ეძახდა, რეანიმაციას - რეამინაციას და ცხოვრებაში რომ შედგა, მაშინ იგრძნო, როცა ერთ-ერთ რესტორანში ნინო ჩხეიძესთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო (ზოგადად ბევრი „სთარის“ მეგობრობასაც იჩემებდა). ირმას კომპლიმენტი კი ეამა, მაგრამ ამ „კლდემამოსილებამ“ ცოტა შეაფიქრიანა, თუმცა, იმდენად აღზნებული გახლდათ, რომ ეგრევე მოიტყუა თავი - ალბათ, დიდრონი, ვაჟკაცური თითები აქვს და აკრეფისას შემთხვევით დაეჭირაო („K“ და „L“ ხომ განუყრელნი არიან კლავიატურაზე).


ვინაიდან ვირტუალური ტრფიალის ალმური უკვე მესამე საათი გრძელდებოდა, მდივან-რეფერენტი ლოგიკურ შემოთავაზებას ელოდა, რომანტიკულ შეხვედრასთან დაკავშირებით. ფიქრებში წავიდა: შევხვდები, კარგი ბიჭი ჩანს, წესიერი, მგონი მონწონვარ...რატომაც არ უნდა შევხვდე? 33 წლის ვარ და რა მიჭირავს ხელში? წარმოიდგინა როგორ მიაგელვებდა იაგო ZLO ***-ს დიღმის რომელიმე რესტორნისკენ, როგორ აჩუქებდა ერთ წითელ ვარდს (პატარა ბაშვები რომ ჩამოატარებენ ხოლმე). მეტიც, ირმამ უფრო წინ გადაახვია და ბედნიერი ოჯახური კერაც ეზმანა: 2 გოგო, 2 ბიჭი, მოსიყვარულე ქმარი და მამამთილის ნაჩუქარი აგარაკი ნაფეტვრებში.

მაშინ როცა ირმას ფიქრებში სტენკა ლოჯიაში გაქონდა, იაგომ მოიწყინა. კვლავ ტატიანას სლავურ ძუძუებში ჩარგო თვალები. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ცოტა მოდუნდა, მოეშვა. ტექსტი აკრიფა და ალბათ, გადაღლის გამო უცნაური შეცდომა დაუშვა: ოკუპანტისთვის გაკუთვნილი შეტყობინება ირმას გადაუგზავნა: ia gruzin, u menia ochen balshoi i tebe ponravitsia, krasavica…davai telefon!


წინაპრების მიერ საუკუნეთა მანძილზე სიმწრით შემონახული ეკლესია-მონასტრები ჩამოიშალნენ, ZLO ***-ს ძრავამ უმტყუნა, ნაფეტვრების აგარაკი დააყადაღეს, „სტენკა“ კარში არ გაეტია და ის წითელი ვარდიც წამებში დაჭკნა, რესტორანში რომ აჩუქა იაგომ. ირმას აღარაფერი უთქვამს, უხმოდ დატოვა „ოდნოები“. მხოლოდ საღამოს, სახლში თავის იადონებს გამოუტყდა (ორი იადონი ყავდა, ძმამ გამოუგზავნა კუიბიშევიდან), მართლა ბატი ტასიკო ვარო და შეჰფიცა, რომ უცხო ადამიანებს არასოდეს მიენდობოდა.


იაგოს კი იმ საღამოს ირმა არც გახსენებია, ძმაკაცებთან ერთად საქართველო-ლატვიის თამაშს უყურა, მარცხით გაგიჟებული გვარიანად გამოთვრა და გულში დაიქადნა, ხვალ „ოდნოში“ პრიბალტიკელ გოგოებს მივხედავო…

Wednesday, July 6, 2011

როგორ გავხდი გოგოების „სპანჯბობი“


ამ ბლოგის დაწერის სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა, მაგრამ თავს ვიკავებდი - თემის ინტიმურობიდან გამომდინარე, ვინმეს არ ვაწყენინო-მეთქი. როგორც ხედავთ, ცდუნებას ვერ გავუძელი და ხათრით ნაკარნახევი თავშეკავებაც მარტივად გადავლახე. ამბავი სასაცილოა, ამავე დროს დამაფიქრებელიც და რეალურ ფაქტებს ეფუძნება. მეც ვეცდები, ისე გადმოვცე, რომ მთავარი გმირების კონსტიტუციურად დაცულ ღირსებასა თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ანუ .. პრაივესის“, არაფერი ვავნო. შესაბამისად, გმირების სახელები შეცვლილია და თუ ვინმე, საკუთარ თავს ან ახლობელს მაინც ამოიცნობს, ნაწყენს შეუძლია, poke-ით გამისწორდეს ანუ გვარიანად „მიმაპოუკოს“.

ჰამბურგელი ნიკოლ კაუფმანი საშუალო სიმაღლის გოგოა, შავი, მძიმე თმით, ცისფერი თვალებით, ნაზი, ხორბლისფერი კანითა და საოცრად მომხიბლავი ღიმილით. კარგი განათლება აქვს მიღებული, პროფესიულად შედგა და ზღაპრული სამსახურიც აქვს, ევროში გამოხატული ხელფასით. თანაც ისეთი შთამბეჭდავით, რომ დაიწეროს, მობილური ტელეფონის ნომერი უფრო გეგონება. ამ სიკეთეებთან ერთად, ნიკოლი გემოვნებითაც იცვამს, რაც ერთობ აძლიერებს გერმანელი მამაკაცების აბსოლუტურად გასაგებ ლტოლვას მის მიმართ. თუმცა, ყველას იქაც არ უმართლებს და უკვე ათი წელია, რაც მისი რჩეული - მარკეტინგის მენეჯერი მარკუს კლოზეა, ბოიფრენდის სტატუსით. თავიანთი ურთიერთობების ცოლქმრულ ფორმატში გადატანას არ ჩქარობენ – ასე ურჩევნიათ და ამის გარჩევა, აბა, რა ჩემი ტრაკის საქმეა. შესაბამისად, არ ვაწუხებ ისეთი გოიმური შეკითხვებით, როგორებიცაა მაგალითად: „როდის უნდა მაჭამოთ პური თქვენს ქორწილში?“ ან „ბავშვს არ აპირებთ? კონსპექტებს დაგიქსეროქსებდით...“ და ა.შ. მოკლედ, ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად იმ ევროპულ სახლში, სადაც ჩვენც შევძვრებით, ასეთი უტაქტო კითხვების დასმას ოდესმე თუ გადავეჩვევით.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ნიკოლი სამსახურებრივმა მოვალეობებმა საქართველოში გადმოისროლა. სწორედ სამუშაო ვითარებაში გავიცანი და უკვე წლებია, რაც ოჯახებითაც ვმეგობრობთ. ქართულ ყოფა-ცხოვრების წესს ალღო მარტივად აუღო, ტრადიციებიც გაითავისა, ნიაზ დიასამიძის „ყირამალაზე“ შეჯდა და ქართული ენაც შეისწავლა. უცხოელთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მწვანე ტყემლის, სულგუნისა თუ ხაჭაპურის გამო არ შეყვარებია (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხინკალი საკუთარ დედას ურჩევნია და ისე ოსტატურად მიირთმევს, ერთი წვეთიც არ ეღვრება). სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის უჭირს, აეროპორტში ცხარე ცრემლით ატირებული სასაცილო ქართულით გვემშვიდობება ხოლმე: „თქვენ რომ მეგობრობა იცით, ამგვარი თბილი ურთიერთობები ყველაზე მეტად დამაკლდებაო...“ ასე რომ, სუსხიან, პირქუშ ჰამბურგში დიდხანს ვერ ჩერდება ხოლმე და წელიწადში ორჯერ მაინც აქეთ იქაჩება.

თბილისში ბოლოს შემოდგომაზე ჩამოვიდა 2 კვირით. ქართველ მეგობრებს ყველას სათითაოდ ჩამოუარა და მაგრად გაიხარა. ერთ-ერთ ასეთ „სასტავურ ტუსოვკაზე“ ჩემს ერთ ნაცნობს - გიგის გადაეყარა. მისი დახასიათება ძალიან მეზარება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კიევიდან ახალი დაბრუნებული გახლდათ, მეტად ენერგიული და ფერზე მოსული, გასაგები მიზეზების გამო. (უკრაინულ შთაბეჭდილებებს ერთხელ სკანდალური აღიარებაც კი მოაყოლა: „ისეთი გოგოები ვნახე, აქამდე თურმე სულ კაცებში მივლიაო...“). ჰოდა, ნიკოლის მომხიბლავმა ღიმილმაც მიიქცია გიგის ყურადღება. თავიდან საკუთარ ძალებში ნაკლებად გახლდათ დარწმუნებული, რადგან სლავურ ბაზარზე ნავარჯიშევი გურჯისათვის გერმანული კულტურა მეტად უცხო ხილი აღმოჩნდა. გიგი იმ საღამოს მხოლოდ წინასწარი დაზვერვით შემოიფარგლა – იმის დადგენა სცადა, „მოიპარა“ ანუ შეათვალიერა თუ არა ნიკოლმა მისი დაუნდობელი სიმპათიურობა და ერთი-ორი წაიცეკვა კიდეც მარვინ გეის „Lets Get It On“-ზე, უკრაინაში ათვისებული ქორეოგრაფიით.

მეორე დღეს გიგი გაცილებით ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. ნიკოლის შესახებ მიღებული ინფორმაცია ნაბახუსევს, ხაშზე გადაამუშავა და ტვინში გარკვეული ლოგიკური დასკვნებიც გამოიტანა: „ბოიფრენდი ჰყავს... ესე იგი, არ არის ქალიშვილი... გერმანელია, უკომპლექსო ხალხია ეგენი... თანაც აშკარად იპარავდა... მოვეწონე... უეჭველი მომცემია!“ მისი გეგმა „ბარბაროსა“ საპატიო სტუმრის მცხეთის ხინკალზე დაპატიჟებას გულისხმობდა, რაც აბსოლუტურად საკმარისად მიაჩნდა სანუკვარი მიზნის მისაღწევად. ნიკოლი „ყველაზე სახალხო“ სალობიეში მეგობრებითურთ მიიწვია და წარმატებაში დარწმუნებულმა საკუთარი ჟინიც პირდაპირ გაანდო – დედმამიშვილების სადღეგრძელოს შემდეგ. სტუმარი კი გასაკვირად მომზადებული აღმოჩნდა მსგავსი შემოთავაზების მოსასმენად, რადგან ბოლო ათი წლის მანძილზე არაერთ ქართველ ღირსეულ მამაკაცს შეუთავაზებია მისთვის სარეცლის ერთი ღამით გაყოფა (თანაც მარტო გურჯისათვის გასაგები, მტკიცე არგუმენტით: „რა მოხდა?...შოჩიკი ხომ მაინც არ გიწერს?..“). თუმცა როგორც გაირკვა, ნიკოლის გერმანული „შოჩიკი“ მაინც წერდა, ამიტომ გიგის დიპლომატიური თავშეკავებით განუმარტა, რომ საყვარელი კაცი დიდი ხანია ჰყავდა და თემის საბოლოოდ დახურვისაკენ მოუწოდა.

მაგრამ გიგი ის კაცი არ გახლავთ, ფარ-ხმალი რომ ადვილად დაეყარა. უარი ქალურ მერყევ ბუნებას მიაწერა, ეგრევე თანხმობას ხომ არ მეტყოდაო და ბერლინის კედლის ნგრევას შემდგომ დღეებშიც მეტი რუდუნებით მოეკიდა – ამჯერად შარდენის სანახებში შეტყუებით. თუმცა, ამაოდ. ნიკოლი მოუხელთებელი ბინ ლადენივით გაურბოდა და ვიზიტის ბოლომდე ემალებოდა.

გერმანელი სტუმრის გამგზავრებამდე ორი დღეღა რჩებოდა და მოახლოებულმა „დედლაინმა“ აფორიაქებული გიგი რატომღაც ჩემამდე მოიყვანა. სექსუალური მხნეობის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. სახეზე ეწერა, რომ ნიკოლის დაუფლება მისთვის უკვე ეროვნული ღირსებისა თუ მამაკაცური პრინციპის საქმედ ქცეულიყო. თავისი გასაჭირი გამიზიარა და ბოლოს მითხრა: ვერაფერი მოვუხერხე, შენ დიდ პატივს გცემს. სთხოვე, მომცესო. არ დაგიმალავთ და ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. თავი მონათმფლობელი მეგონა, რომელსაც საწყალი სპარტაკის ვარინია უნდა მიეყიდა გიგი კრასუსისათვის. სუტენიორობის გამოცდილებაც აქამდე არასოდეს მქონია, არც პოლიკლინიკა ვყოფილვარ, მსგავსი ტიპის ტრავმები მომერჩინა. მეცინებოდა სიტუაციის აბსურდულობის გამო და ამაოდ ვუხსნიდი ჩემი უარის მორალურ-ეთიკურ მხარეებს.

ნიკოლი „უვნებელი“ გაემგზავრა ჰამბურგში. გიგიმ კი მოიწყინა. თუმცა, ახალი სტრატეგიებით, მის შემდეგ ვიზიტს დღესაც მოუთმენლად ელის. ჩემზე განაწყენებული ძველებურად აღარ მწყალობს, არ მელაპარაკება. ისევ ფოლკლორს თუ მოვიშველიებთ, ხელი დააფარე და გოგოების „მაჩალკა“ ყოფილხარო. მოკლედ, მაგრად ჩავიჭერი მეობასა თუ მამაკაცურ სოლიდარობაში და გიგი როდის „მომიტევებს“, არ ვიცი...

მანამდე კი, რა გაეწყობა? – ვიქნები გოგოების „სპანჯბობი“...

Friday, April 29, 2011

Smile!

ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაისვა კითხვა, თუ რა გვაღიზიანებს და რას ვერ ვეგუებით ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად. კომენტარებში თბილისური ყოფის ბევრმა მტკივნეულმა და კარგად ნაცნობმა დეტალმა მოიყარა თავი. მაგალითად, პოლიეთილენის პარკები ხეებზე, გადამეტებული ამბიციურობა, უმეცრება (შესაბამისად სიბნელის შიში), რიგში დგომის კულტურა და სხვა. ამ თემებზე ამჯერად არ შევჩერდები, ერთ კომენტარს გამოვყოფდი მხოლოდ, რომლის ავტორიც თბილისის ქუჩებში მოღუშულ სახეებსა და ზოგადად ღიმილის დეფიციტზე წუხდა.

ბევრისგან მსმენია, ადრე ჩვენს ქალაქში ხშირად იღიმებოდნენო. იმ ცნობილი სიმღერის არ იყოს, მოწყენილი სახეებიც იშვიათობას წარმოადგენდა თურმე, მეტი სილაღე ყოფილა და „ბედნიერი ერიც“ პოზიტიურ ემოციას საჯაროდ უხვად გამოხატვდა. საპატიო მიზეზის გამო, ამ ეპოქას ვერ მოვესწარი, გაჩენა დამიგვიანდა, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. მე უფრო შემდეგი პერიოდი მახსენდება, მზიურ ქალაქის ქუჩა-ბანდებში „ქუჩის ბანდები“ რომ გამოჩნდნენ. მათ კი ადამიანთა სახეებიდან ღიმილი დიდი ხნით გააქრეს და მხოლოდ ერთ თეთრთმიან კაცს დაუტოვეს ამის უფლება, ისიც წლები დადიოდა უცნაური კოსტუმით მეტად ნასიამოვნები.

ასე რომ, ძნელი სათქმელია, ამ პერიოდში დაიკარგა თუ არა ღიმილიანი „ზდრასტი, დასვიდანიას“ ტრადიცია. მაგრამ ფაქტია, რომ გულწრფელი ემოციების საქვეყნოდ გამოხატვასა თუ გაზიარებას ვერიდებით (გამონაკლისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. „ზღაპრული არომატების“ წყალობით, ეს მოძრავი ყვითელი „ნორდოსტები“ ერთადერთი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს გულწრფელი ემოციების გამოხატვის არ გვეშინია. შესაბამისად, მხოლოდ აქ არის შესაძლებელი სიმწრის ცრემლით ატირებული ქართველის ნახვა).

ამბობენ, დასავლეთის ქალაქების ქუჩებში უცხოებიც კი ღიმილით გესალმებიანო და რა კარგი იქნებოდა,ჩვენშიც იგივე ხდებოდესო. რა თქმა უნდა, ამგვარ კომუნიკაციას არაფერი სჯობს და სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, დასავლური მაგალითის მოყვანა, არა მგონია, მთლად გამართლებული იყოს. „კაპიტალისტური“ ღიმილი (დიროლის კბილებით) კეთილგანწყობისა და საერთო სოციალური კეთილდღეობის მიღებული დეკლარირებაა, ფორმალურია და ხშირ შემთხვევაში ხელოვნურიც. ამასთანავე, მეტწილად პატარა ქალაქების ფუფუნებას წარმოადგენს, სადაც საზოგადოებაში ნაკლები სოციალური კონკურენციაა და ჯუნგლების კანონები არ არსებობს. ასეთი ჯუნგლია ნიუ-იორკიც. მაგალითად. ბრონქსში თუ შემთხვევით „სინგ სინგის“ ციხეში გაუპატიურებისათვის ნაჯდომ შავკანიან ჯამალსა და მის ძმა-ბიჭებს გაუღიმებ, ნაკლებად სავარაუდოა, ოდესმე გაბადრული შეეგებო მომდევნო მზიან დღეს.

ქართული ღიმილი კი მხოლოდ ბიოლოგიური რეაქციაა დადებით ემოციებსა თუ სიტუაციებზე, ბუნებრივია, ევროპულისგან განსხვევებით არანაირი სოციალური დატვირთვა არ აქვს და არც კომუნიკაციისთვის გამოიყენება. ამაში ტრაგიკული არაფერია და არ ღირს დრამატიზირება. მათთან სხვა კულტურაა, ჩვენში კი სხვა. გეღიმება – გაიღიმებ, არ გეღიმება, არანაირი პრობლემა.

2003 წელს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ტაილანდში, ქვეყნის ხელისუფლებამ უეცრად აღმოაჩინა, რომ ერს საოცრად მოეწყინა. დიდი კამპანია ჩაატარეს ხალხის „ხასიათზე მოსაყვანად“, დღეში მინიმუმ ექვსჯერ გაღიმებისკენ მოუწოდეს, ტურისტებს დაბღვერილი სახეები აფრთხობსო და აბა, თქვენ იცით, სამშობლოს ეკონომიკას როგორ წაადგებითო. ენამ რომ მიყივლოს და ეს გამოცდილება ჩვენშიც გაიზიარონ, მრიცხველებს სად დაამონტაჟებენ, ეს არის საინტერესო. რამდენად გაამართლებს ინიციატივა, სულ სხვა საქმეა. თუმცა, სადაც ღვედის გაკეთება შევძელით, იქნებ გაღიმებაც ვაიძულოთ საკუთარ თავს? (თუ "ხელს შეგვიწყობენ", რა თქმა უნდა. მაგალითად, ასე)

მანამდე კი...თანდაყოლილი მოთხოვნილება სიკეთისადმი ჩატებში ვირტუალური „სმაილიკებით“ გამოვხატოთ...და თუ ქუჩაში ვინმე უცხო მაინც გვიღიმის ჯოკონდასავით, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სავარაუდოდ ელვა გვაქვს ღია. ან შესაძლოა, ყურსასმენებში ნატოს სიმღერას უსმენს: „აყვავდება როცა ნუში...“ (აყვავდება-ზე მომღერალი „მაღლა რომ ადის“ ანუ მოდულაციაზე სიამოვნების ჟრუანტელი აღიმებს). ახლა კი, წავალ მე. ამ სიმღერას მოვუსმენ, თორემ დილიდან ძალიან უჟმური ვარ...ვიცი, გამეღიმება.

Wednesday, March 16, 2011

Chouchou

რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან ერთად ჩვენი სითის ერთ-ერთ დაწესებულებაში სულის მოსაბრუნებლად შევედი. არავინ იყო, გარდა ორი გოგონასი და ერთი 30 წლამდე მამაკაცისა, რომელიც მიმტანს ესაუბრებოდა:

ჩაი გნებავთ?

– დიახ, შავი, მაგარი...არა, არა...თუ ბანანის?.. აი, „ჟოჟობას“ არომატით და „ქაშემირის“ ექსტრაქტით მირჩევნია, ოდნავ გრილი და ნახევარმთვარის ფორმით წვრილად დაჭრილი ღვთიური ლიმონით, სალმან რუშდის უყვარს ძალიან...არა მგონია, თბილისში ვინმემ იცოდეს, მაგრამ მაინც...იქნებ რძიანი მწვანე ჩაი „ულუნი“ (ან ულუნგი, ვერ გავარჩიე) გქონდეთ?.. ტოკიოში მაქვს გასინჯული ერთ კინოფესტივალზე, საოცრებაა...ჰოკაიდოელი ქალწულები კრეფენ ამ ჯიშს სათუთად...თანაც მხოლოდ გამთენიისას, როცა უცოდველ ფოთლებს მზის სხივები ჯერ არ მოფერებია, კვდომისას არომატი რომ არ დაეკარგოს...“როიბუში“ მინდოდა დილით, მაგრამ დებიუსის ეტიუდებს მოვუსმინე და ახლა დევიანტურ ხასიათზე ვარ...

თავიდან ვიფიქრე ხუმრობს მეთქი, თუმცა ეს მონოლოგი 10 წუთი გაგრძელდა და სასომიხდილი მიმტანიც მალევე გაეცალა ინკვიზიტორს. გოგონებმა კი ვაჟის ინტელექტითა და დახვეწილი გემოვნებით გამოწვეული აღფრთოვანება ვეღარ დამალეს, ამიტომაც იქვე განუცხადეს, რომ ის უგზო-უკვლოდ განათლებული, ყველასგან გამორჩეული „ტვორჩესკი ნატურაა“ და ამიტომაც უყვართ.

რამ გამაღიზიანა არ ვიცი, კაცს ხარისხიანი ჩაის დალევა სურდა და გოგოების მხრიდან გამოხატული ამგვარი სიმპათიაც არ უნდა ყოფილიყო შურის გამომწვევი. იქ მაინც ვეღარ გავჩერდი და სხვაგან იძულებითი გადაადგილება ჩემს ნევროზს დავაბრალე.

თუმცა, მთელი დღე თბილისური სნობიზმის ამ სახეობაზე ფიქრები ამეკვიატა, რომელთაც თქვენც გაგიზიარებთ, იქნებ და გეცნოთ ვინმე.

რადგან გოგოების ნაწილისათვის (იმედია) მზეჭაბუკების ეს ტიპი, ასე გამორჩეული და საყვარელი აღმოჩნდა, მოდი ფრანგებს დავესესხოთ – მას პირობითად „შუშუ“ დავარქვათ (ფრ. Chouchou – საყვარელი, душенька, любимчик).

გრძნობთ ამ სახელის იდუმალ ენერგიას?..თანაც რა კეთილშობილური ჟღერადობა აქვს, არა? მარტივადაც გამახსოვრდება და მხოლოდ მას ქვია, მგონი პლანეტაზეც კი. პროფესიის შერჩევაც შესაძლებელია. შუშუ თანაბარი წარმატებით შეიძლება იყოს მწერალი ან პოეტი, მხატვარი, ჟურნალისტი, რეჟისორი და ჩვენს ქვეყანაში მეტად „შემდგარი“ სხვა სფეროების წარმომადგენელიც. მაგრამ ამჯერად, მუსიკალურ პროდიუსერზე შევჩერდები, რა თქმა უნდა, პირობითად.

პროდიუსერი შუშუ მელოტი თბილისელი ბიჭია, ნაზი კანით და სათვალით. კვებაში ფულს იშვიათად იხდის, მეტწილად წიგნების პრეზენტაციებისა და Fashion Week-ების ავთერ-ფართების VIP სტუმარია. სალატ(ь)იკებს მიირთმევს, თამბაქოს მუნდშტუკით ეწევა და მხოლოდ ვისკის აყოლებს. იგი ვერბალური აგრესიულობით გამოირჩევა და ამავე ავთერ-ფართებზე ანგლო-ქართული ლექსიკით (freak, village looking asshole, redneck) ლანძღავს ყველას, ვინც კი ახსენდება. თვლის, რომ მის გარდა ყველა უნიჭოა და ცხოვრება ცოტა სამართლიანი რომ ყოფილიყო – მინიმუმ ნინა ჰაგენის პროდიუსერი იქნებოდა ბერლინში.

შუშუ გამორჩეულად იცვამს და თავისი სტილიც აქვს. ნაკლებად ცნობილ ნორჩ იაპონელ კუტურიეს – ცუმორი ჩისატოს აღიარებს მხოლოდ, მის ველვეტის შარვლებს, შარფ(ь)იკებსა და კუბოკრულ პიჯაკებს იწერს ინტერნეტით. ჩეხი დიზაინერის მაცალ კუროჩეკის კედების მთელი კარადა აქვს და ხაკისფერ ლაბადასაც იხდენს ხოლმე, გერმანიის დროშით მკლავზე.

შუშუს საყვარელი ფრაზაა – „ამ კალხოზში სული მეხუთება!“. დარწმუნებულია, რომ ინტელექტუალური განვითარების დონით ეპოქას გაუსწრო, საქართველო კი მას სამწუხაროდ ჩამორჩა. აქედან გამომდინარე შაკიკი აწუხებს და ბოლო წლებია, რაღაც მითიურ ფულს ელოდება, ჩეხეთის წყნარ ქალაქ ბრნოში რომ გადასახლდეს, დისიდენტ ხელოვანთა ორდენი დაარსოს და წიგნები წეროს.

შუშუს სახლში მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. ქართულად რატომღაც ვერ კითხულობს, რუსულად ან მხოლოდ ორიგინალში. უყვარს ორჰან ფამუქის „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ (ბოლომდე ვერ წაიკითხა), მიშელ უელბეკთან და მისი „ელემენტარულ ნაწილაკებთან“ ერთად კი ძინავს ფაქტობრივად (წაიკითხა, მაგრამ ვერაფერი გაიგო), ბოლო დროს კი ინცესტის მკვლევარი ჯუდით ლუის ჰერმანი გააღმერთა (მისი წიგნი ვიღაცას ათხოვა და დაკარგვის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა საძაგელს). ლიტერატურას უნდა დავუმატოთ ენდი უორჰოლის ისტერიული სიყვარული და ჩინელი მხატვარ-კონტემპორარისტის – აი ვეი ვეის რეპროდუქციებიც სახლის კედლებზე. მართალია, დიდად არ გიჟდება, მაგრამ „აი, დჯაან სტრანნია“. მოკლედ, ეს ის ინტელექტუალური პაკეტია, რომელიც შუშუს მომენტალურად უფანტავს ზოგჯერ ეშმაკივით შეჩენილ ეჭვებს, მისი განსხვავებულობისა და გამორჩეულობის თაობაზე.

მუსიკა და კინო კი ცალკე თემაა შუშუსეულ წარმოდგენებში. როგორც ამბობს, ლარს ფონ ტრიერის „დოგვილი“ მისი სულიერი სიბერწის განცდას უმკლავდება. ბერტოლუჩი მართალია ცოტა ეგოიმება, თუმცა რეჟისორის „კონფორმისტს“ წყალობს, კონვენციური სიცხადეებით გაჯერებული ფილმიაო. მუსიკაში კი გერმანულ პოსტ-მოდერნ-ტრანს-ფსიქოდელიურ ელექტრონულ მიმართულებას აწვება. უსმენს ისეთ ჯგუფებს, რომელთა არსებობაც კაციშვილს არასოდეს გაუგია 82 მილიონიან გერმანიაშიც კი. ასეთია, მაგალითად ებრაულ-ურუგვაული დუეტი Analog Pussy ბერლინიდან, რომელთა ჩანაწერებს არავის აძლევს, იდუმალი საკომუნიკაციო სივრცე დამერღვევაო.

როგორც ჭეშმარიტ სნობ ინტელექტუალს, შუშუს რამოდენიმე ფობია და ახირებაც აქვს, ისეთივე უცნაური, როგორიც მისი ნატიფი ნატურაა. მეტად ფაქიზი ფსიქიკის გამო, ვერ ჭამს ჰოლანდიურ ყველს „სერ ბაბუნს“ მარჯანიშვილის თეატრში, ლიფტებში სარკეში ვერ იყურება, აეროპორტებში „პერესადკები“ ნერვებს უშლის, რის გამოც კანი უშრება, ვაკის მაღაზიების ვიტრინებში გამოფენილი მანეკენების (მხოლოდ შავის) კი ძალიან ეშინია და ამასთანავე მარტო მან იცის, როგორ მოაგვაროს ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემა.

ასეთია შუშუ, ერთი არაჩვეულებრივი და ყველასგან გამორჩეული თბილისელი ინტელექტუალი. ვერ ვიტყვი, ჩვენი სითი სავსეა შუშუებით მეთქი, მაგრამ ვინმე მაინც გაგახსენდებათ.